მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.