ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

აი ასე აღნიშნეს ჩვენმა ბენეფიციარებმა ახალი წელი!

ლამაზად მორთული ნაძვის ხე და მანდარინები, გოზინაყი და ჩურჩხელები, სადღესასწაულო სუფრასთან შემომსხდარი ახლობლები და მეგობრები, მაშხალები და მოლოცვები, სიმღერები და საერთო მხიარულება – ეს ახალი წლის ზეიმის ტრადიციული ატრიბუტებია.
სამწუხაროდ,  ჩვენს ირგვლივ მრავლადაა ისეთები, ვისაც ეს დღე არ უხარია. მათთვის არათუ  საახალწლო სუფრის, არამედ ჩვეულებრივი ვახშმის მომზადებაც კი, მიუწვდომელ ოცნებას წარმოადგენს. 
ჩვენს ბენეფიციართა შორის ბევრია სევდიანი ისტორიის მქონე ადამიანი, ვინც ბედის უკუღმართობის გამო ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. სწორედ ამ კატეგორიის თანამოქალაქეებისთვის გადავწყვიტეთ განსაკუთრებული საახალწლო სუფრის გაწყობა და ეს ნამდვილად რომ გამოგვივიდა! 
ცხელი უგემრიელესი კერძები, ტრადიციული საახალწლო ტკბილეული, შუშხუნა სასმელები, ვიოლინოს დამატყვევებელი ჰანგები – ყველაფერმა ამან საოცარი ატმოსფერო შეჰქმნა ჩვენს სადღესასწაულოდ მორთულ სასადილოში. 
განუმეორებელმა მაესტრო ვაჟა ჩუბინიძემ  ბედნიერი წუთები აჩუქა ჩვენს ბენეფიციარებს ვიოლინოზე ვირტუოზული შესრულებით. ზოგი მოსმენით ტკბებოდა, ზოგი კი ისე გაიტაცა მუსიკამ, რომ აჰყვა  მომაჯადოებელი ვალსის  რიტმს და ცეკვა დაიწყო. იმ დღეს ჩვენმა დღის ცენტრმა კიდევ ერთხელ აჩუქა მოსულ სტუმრებს სიყვარული, გაუთბო გულები! ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ არავინ დარჩენილა გულგრილი! ეს ნათელი დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ! 
ვიმედოვნებთ, რომ ასე ლამაზად დაწყებული ახალი წელი ჩვენს ბენეფიციარებს ბედნიერებას მოუტანს. დაე, ფარავდეთ მათ უფალი!