მეგობრებო, გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ ერთი სასიამოვნო ამბავი, რომელიც ამასწინათ „თავს გადახდა“ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს. სილამაზის სალონ „პოდიუმის“ შესანიშნავმა სტილისტებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მათ. ეს იყო ადამიანის ხელებით შექმნილი სასწაული, რომელიც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ჩვენს პატარებს!
„პოდიუმის“ პროფესიონალებმა მთელი სულით და გულით იმუშავეს ბავშვებთან. ზუსტად ის ვარცხნილობა შეურჩიეს, რომელზეც თითოეული მათგანი ოცნებობდა. ჩვენი გოგონები პრინცესებად „იქცნენ“, ხოლო ბიჭები – ნამდვილ ჯენტლმენებად! ყველაფერმა ამან ისე გაახარა მოზარდების გულები, რომ ისინი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყვნენ!
„მე პრინცესა გავხდი!“, „როგორ ვოცნებობდი ამ ვარცხნილობაზე!“, „რა სილამაზეა ირგვლივ!“… ბავშვები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას, ეს კი თავის მხრივ უფრო მეტ სტიმულს მატებდა სტილისტებს.
როდესაც „პოდიუმის“ ჯადოქრებმა სასწაული მოახდინეს, ბავშვების კმაყოფილებას არ ჰქონდა საზღვარი, ისინი სარკეს არ სცილდებოდნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ორმა ჩვენმა აღსაზრდელმა გადაწყვიტა მომავალში სტილისტის პროფესია აირჩიოს, რაშიც მათ დახმარებას სტილისტი ნიკა დაპირდა!
დიდი მადლობა სილამაზის სალონ „პოდიუმს“ იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ ჩვენს ბავშვებს მიანიჭეს თავისი „ოქროს ხელებით“. „პოდიუმში“ ვიზიტი ჩვენს აღსაზრდელებს დაეხმარება არამარტო პროფესიის შერჩევაში, არამედ ხელს შეუწყობს მათში კარგი გემოვნების ჩამოყალიბებასაც.