ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გაზაფხული შემოსულა, ლენ!

გაზაფხული არის განახლების სიმბოლო, ბუნება ზამთრის ძილის შემდეგ იღვიძებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. მზე სულ უფრო და უფრო ათბობს არემარეს, მცენარეები ყვავილობას იწყებენ და ჰაერში სასიამოვნო არომატი ტრიალებს! 
მეგობრებო, საოცრად ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს შევაყვაროთ ბუნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პატარებმა, რომლებსაც უმძიმესი წლების გადატანა მოუხდათ, ისწავლონ დედა-ბუნებისადმი სიყვარული, გაუფრთხილდნენ და მოუარონ მას! 
როგორ შეხვდნენ ჩვენი მოზარდები გაზაფხულის შემობრძანებას? დიდი ენთუზიაზმით და უსაზღვრო სიხარულით. ჩვენ დავიწყეთ „საგაზაფხულო პროექტის“ განხორციელება, რომლიც მიზანია შევასწავლოთ აღსაზრდელებს ბაღში მუშაობის უნარ-ჩვევები: სხვადასხვა ინსტრუმენტით სარგებლობა, დარგვა, გასხვლა, ბარვა, მორწყვა… 
ჩვენი ბავშვთა სახლი მწვანეშია ჩაფლული, მას ამშვენებენ დეკორატიული მცენარეები, მარადმწვანე ხეები და გაზონები. ასე რომ, მოქმედების არეალია არც თუ ისე მცირეა!     
       „საგაზაფხულო პროექტის“ განხორცილების საქმეში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენს ბენეფიციარს ბატონ ლევ კუჩუკიანს, რომელიც ადგილზე ასწავლის ბავშვებს ლანდშაფტის ხელოვნების საწყისებს. ამ ბატონს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, იგი იუნესკოს საპატიო რესტავრატორია და არაერთი პარკის გამწვანებაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი პროექტში მონაწილეობა სასწაულის ტოლფასია და ჩვენი ბავშვების სახელით დიდი მადლობა გვინდა მას ვუთხრათ ამ კეთილი ჟესტისთვის! 
მაშ ასე, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ჩვენი აღსაზრდელები დიდი რუდუნებით არიან მასში ჩართულნი და უამრავს საინტერესო რამეს სწავლობენ, თან ხალისობენ და ერთობიან! წინ კი ყველაზე  საინტერესო პროცესია – ახალი მცენარეების დარგვა და ბავშვებიც მოუთმენლად ელიან მას!
ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს აღსაზრდელებს უყვართ ბუნება, უყვართ მიწაზე მუშაობა, აქტიურად არიან ჩართულნი „საგაზაფხულო პროექტში“  და ამით დიდ სიამოვნებას ღებულობენ!