ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გულგრილობა – ეს არის აგრესორის ჩუმი მხარდაჭერა

გულგრილობა – ეს არის აგრესორის ჩუმი მხარდაჭერა და, შესაბამისად, არ ვაპირებთ დუმილს! 
ჩერნოვეცკის ფონდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და სოციალურ მომსახურების სააგენტოს თხოვნით – შეისწავლონ შექმნილი ვითარება, მიიღონ ქმედითი ზომები აგრესორის წინააღმდეგ და დაიცვან ხანდაზმული ქალის უფლებები! 
საქმე ის არის, რომ ჩვენი ბენეფიციარი, 84 წლის ნუნუ დვალი გახლავთ ოჯახში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი მისი დის და დისშვილის მხრიდან. ამ უკანასკნელებმა მასზე მეურვეობა აიღეს. ხანდაზმულ ქალს, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობით არის დაავადებული,  გაუსაძლის პირობებში აცხოვრებენ. იგი ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში, სადაც საშინელი ანტისანიტარია სუფევს. 
ნუნუ დვალის ნათესავები ჩვენი ფონდის თანამშრომლებს არ უშვებენ სახლში, არ აძლევენ საცოდავი ქალის მოვლის, გამოკვების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალებას. უფრო მეტიც, ისინი ჩვენს პერსონალს უხეშად ესაუბრებიან, მზად არიან ხელჩართულზე გადავიდნენ და კატეგორიულად მოითხოვენ, რომ არ მივიდეთ მათთან სახლში. 
ბოლო ვიზიტისას, ჩვენი ექთნები პაციენტს ფანჯრიდან ესაუბრებოდნენ. იგი ჩიოდა, რომ მშიერია და ითხოვდა  თავშესაფარში გადაყვანას. 
ამავე დროს, გულქვა ნათესავები ირწმუნებიან, რომ ისინი მოხუც ქალს კარგად უვლიან, ხოლო ოთახში იმის გამო ჩაკეტეს, რომ ქმედუუნაროა და სახლიდან გარბის. ეს ვაი-ნათესავები მოითხოვენ, რომ არ ჩავერიოთ მათი  ოჯახის ცხოვრებაში?!
სწორედ შიშის გამო ნუნუ დვალი უარს ამბობს პატრულის და სოციალური მუშაკის გამოძახებაზე, თუმცა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ მივაწოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს შესაბამისი ზომების მისაღებად!
ვინ იცის, შესაძლოა ეს ხანდაზმული ქალი ცხოვრების უკანასკნელ წლებს ითვლის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ   მან ბოლოს და ბოლოს შვება იგრძნოს და თავისუფლად ამოისუნთქოს! 
სასტიკი მოპყრობა თავისი არსით უზნეობის მწვერვალია. როგორ უნდა დაეშვა ისეთ არაადამიანურ დონეზე, რომ ავადმყოფი ხანდაზმული ადამიანი ერთ ოთახში ჩაკეტო და აშიმშილო?! ეს ხომ ადამიანური ღირსების სასტიკი შელახვაა და ამას ბოლო უნდა მოეღოს?!