ჩერნოვეცკის ფონდის თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები საზაფხულო არდადეგებს შავიზღვისპირეთში ატარებენ. სასწავლო წლის დაწყებამდე ჯერ კიდევ ორ კვირაზე მეტი დარჩა. ასე რომ, ისინი მხიარულად და უდარდელად განაგრძობენ დასვენებას.
20 ივლისიდან მოყოლებული ბავშვები აჭარაში იმყოფებიან, სადაც შეუერთდნენ ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები. ბავშვებისთვის მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი პროგრამა მომზადდა.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ქობულეთში გატარებული თითოეული დღე მათთვის დაუვიწყარი ყოფილიყო!
ექსკურსიები ფოთში, შეკვეთილის მინიატიურების პარკში, ადგილობრივი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მონახულება, გასეირნება ბათუმში, ინტელექტუალური შეჯიბრებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან და , რა თქმა უნდა, ბანაობა, მხიარულება, ჟრიამული. არ დაგვვიწყებია ის მოზარდებიც, ვისაც ამ პერიოდში დაბადების დღე ჰქონდა. მათ საპატივცემულოდ სადღესასწაულო სუფრა გავშალეთ, მივართვით საჩუქრები და სახელდახელო მუსიკალური წარმოდგენაც გავმართეთ…
ყველაფერი ეს საზაფხულო არდადეგებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას, ზღაპრულ ელფერს ანიჭებს და ის ყველა ბავშვისთვის ოცნებების ასრულების პერიოდად იქცა!
ჩვენ უზომოდ მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელები თავს ბედნიერად გრძნობენ, მხიარულად ატარებენ დროს და …უკვე მოუთმენლად ელიან ახალი სასწავლო წლის დაწყებას!