ქობულეთში დასასვენებლად ჩამოსულმა ჩეხეთის მოქალაქემ ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოინახულა. მენ დატი წარმოშობით ვიეტნამელია, ამჟამად ფარმაცევტის პროფესიას ეუფლება და დაინტერესებულია ქველმოქმედების საკითხებით.
ჩვენმა ბავშვებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს სტუმარს, რომელიც ესაუბრა მათ თავისი ქვეყნის ისტორიის შესახებ, გაუზიარა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები.
მოზარდებმა მარტივად გამონახეს სტუმართან საერთო ენა, დაათვალიერებინეს გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, უამბეს საინტერესო ისტორიები, ავარჯიშეს ქართული ფრაზების წარმოთქმაში, ხოლო საჩუქრად მას გადასცეს საკუთარი ხელებით დამზადებული სუვენირები.
სტუმარმა და მასპინძლებმა შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და მომავალში მეგობრობის იმედი გამოთქვეს.