ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ილონ მასკი ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვას იწყებს: ადამიანები გონების ძალით კომუნიკაციას და განუკურნებელი დაავადებების დამარცხებას შეძლებენ

ილონ მასკი ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვას იწყებს: ადამიანები გონების ძალით კომუნიკაციას და  განუკურნებელი დაავადებების დამარცხებას შეძლებენ

ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე მილიარდერის კომპანია იწყებს მოხალისეებზე სისტემის 6-წლიან კველავას, რომელიც დაეხმარება პარალიზებულ ადამიანებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში.

ილონ მასკი და Neuralink-ის პროექტის რობოტი ქირურგი.

ღორებსა და მაიმუნებზე ექსპერიმენტების შემდეგ, ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა მიიღო ნებართვა, გაეგრძელებინა ტვინის იმპლანტების ტესტირება ადამიანებზე. კომპანია ავითარებს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს და მის ოფიციალურ ბლოგში გამოქვეყნდა განცხადება 6-წლიანი კვლევისთვის მონაწილეთა შერჩევის შესახებ. Neuralink იწვევს შეუერთდნენ ექსპერიმენტს, იმ პაციენტებს, ვისაც აქვს ოთხივე კიდურის დამბლა, რომელიც გამოწვეულია ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანებით ან მიღებულია ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის – სტივენ ჰოკინგის დაავადების შედეგად.

ნეიროფიზიოლოგები პარალიზებულ პაციენტებს განკურნებას არ ჰპირდებიან, მაგრამ აქვთ იმის მოლოდინი, რომ კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტები კომპიუტერის მაუსისა და კლავიატურის გონების ძალით მართვის სწავლას შეძლებენ. წარმოუდგენელი მიღწევაა, სრულიად უმწეო ადამიანებისთვის გარე სამყაროსთან დამოუკიდებლად კომუნიკაციის უნარი.

როგორ მუშაობს ეს?

ტვინის N1 იმპლანტი არის მონეტის ზომის ჩიპი. ის ტვინის ელექტრული აქტივობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს 64 ძაფის მეშვეობით, რომლებიც აღჭურვილია მთლიანობაში 1024 ელექტროდით – ეს უზრუნველყოფს ტვინთან მჭიდრო ელექტრონულ კონტაქტს. ოპერაციას ატარებს სპეციალური რობოტი ქირურგი, რომელიც თავის ქალის მცირე ნახვრეტში ელექტროდის ძაფებს ათავსებს ტვინის იმ არეში, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე. ნეირონებთან ახლოს ყოფნისას, ელექტროდები იღებენ ტვინის სიგნალებს და უსადენოდ გადასცემენ მათ სპეციალურ აპლიკაციას. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შიფრავენ ამ სიგნალებს და განსაზღვრავენ, თუ რა მოძრაობის გაკეთება სურდა ადამიანს. დასაწყისისთვის, ნეირომეცნიერებს სურთ პარალიზებულ ადამიანებს ასწავლონ უმარტივესი რამ – ტექსტის აკრეფა კომპიუტერის ეკრანზე. მაგრამ მომავალში, ამ ტექნოლოგიას შეუძლია ფეხზე დააყენოს პაციენტები, რომლებმაც ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად, სიარულის უნარი დაკარგეს. ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის საშუალებით, დაზიანებული უბნის გვერდის ავლით, თავის ტვინის ბრძანებების უშუალოდ ზურგის ტვინის მოტორული ნეირონებისთვის გაგზავნა არის შესაძლებელი. ელექტრული სტიმული “სიარულის” ნეირონებს გააღვიძებს და ადამიანი შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს!

მასკის სწავლება ყოვლისშემძლეა, რადგან ის მართებულია?

Neuralink-ის წინა ცდების დროს გონების ძალით კურსორის გადაადგილების ამოცანას მაიმუნებიც კი უმკლავდებოდნენ. რამდენიმე წლის წინ, ილონ მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მაკაკა ტვინის იმპლანტით კომპიუტერის ეკრანზე დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა პინგ-პონგს – “ჩოგნით” ყოველი წარმატებული დარტყმისთვის ის ბანანის სმუზის პორციით ჯილდოვდებოდა. თუმცა, ცხოველები უკვე ასრულებდნენ ამ ტრიუკს, მასკის ცდების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. 2012 წელს, პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (აშშ) ჯგუფმა გააოცა საზოგადოება კიდევ ერთი ვიდეოთი, სადაც სრულიად პარალიზებული 36 წლის ქალი მიირთმევს შოკოლადს ანუ, გონების ძალით მართავს… რობოტიზირებულ ხელს.

გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეული გუნდი მუშაობს ტვინის იმპლანტებზე. რატომ ვადევნებთ სულგანაბულები ყველანი თვალყურს ილონ მასკის ექსპერიმენტებს? იქნებ, არაფერია გამორჩეული მაღალი ხარისხის პიარის გარდა? მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიისა და ნერვული ინტერფეისის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე კაპლანის თქმით, Neurаlink-მა ორი რევოლუციური მიღწევა მოახდინა. ილონ მასკის ელექტროდულ სისტემაში კონტაქტების რაოდენობა 100 ათასს აღწევს – ეს რამდენიმე რიგით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სისტემაში. შესაბამისად, არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს ასეთი მოცულობის არხები „ტვინის გამოსაყვანად“, უფრო სწორად, ნეირონებიდან ელექტრული სიგნალების შესაყვანად და გამოსაყვანად.

მეორე გამორჩეული ნოუ-ჰაუ კი არის ტვინში ულტრა მოქნილი იმპლანტის ძაფების ჩანერგვისთვის ავტომატური ქირურგიული სისტემის შექმნა – თითოეული ეს ძაფი 4-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე ადამიანის თმის ღერი. მეცნიერები ამ რობოტ ქირურგის შექმნას ადარებენ სამკერვალო მანქანის გამოგონებას, რომელმაც ერთ დროს რევოლუცია მოახდინა ტანსაცმლის წარმოებაში. ავტომატური PRIME სისტემა (ინგლისური: “Precision Robotic Implanted Brain-Computer Interface”) აქცევს კომპლექსურ ქირურგიას რუტინულ პროცედურად, რომელსაც სჭირდება არა უმეტეს ერთი საათისა. “სამკერვალო მანქანა” რობოტი ოსტატურად ათავსებს ძაფებს ელექტროდებით ტვინის ქსოვილში, სისხლძარღვების და ნერვული უჯრედების დაზიანება კი გამორიცხულია. ოპერაცია უსისხლოა, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და პაციენტს შეუძლია საავადმყოფოდან სახლში წასვლა იმავე დღეს.

იქ, ჰორიზონტს მიღმა…

ტექნოლოგიის პოტენციური შესაძლებლობები ძალიან დიდია. ტვინის იმპლანტს შეუძლია არა მხოლოდ პარალიზებულ ადამიანებს უბრძანოს: “ადექი და იარე!” მაგალითად, დღეს მსოფლიოში ეპილეფსიით დაავადებულმა დაახლოებით 150 ათასმა პაციენტმა თავის ტვინში ჩადგმული მაკორექტირებელი ელექტროდების წყალობით თავი დააღწია დაავადებას. ალგორითმები, რომლებიც ტვინის ელექტრულ სიგნალებს აანალიზებენ, ცნობენ ეპილეფსიური შეტევის დაწყების მომენტს და აჩერებენ მას დენის მცირე იმპულსის დახმარებით. ახალი ტიპის ტვინის იმპლანტი შეძლებს ტვინის გარკვეული უბნების სტიმულირებას პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, მძიმე ფსიქიკური და კვების აშლილობის – სხვა სიტყვებით, ღორმუცელობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგრამ, ცხადია ნათელი მომავალი არ მოვა ხვალ და ზეგ. წარმატებული კლინიკური კვლევების შემთხვევაშიც კი, მასკის ტვინის იმპლანტების მასობრივი გამოყენება შესაძლებელია არა უადრეს 10 წელიწადში. იმავდროულად, Neuralink-ის სპეციალისტებს ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევთ. პროფესორი კაპლანი ამბობს, რომ მთავარი არის ბიოთავსებადობის პრობლემა. სხეული აღიქვამს იმპლანტს, როგორც უცხო სხეულს და შეეცდება მის იზოლირებას შემაერთებელი ქსოვილის მეშვეობით. იმისათვის, რომ ჩიპმა გააგრძელოს მუშაობა, ის უნდა მოიხსნას ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პროცედურა უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას სულაც. თუმცა, ცდების ჩატარება ადამიანებზე „ტვინი-კომპიუტერის“ ინტერფეისის მთელი ინდუსტრიის განვითარებას მისცემს უზარმაზარ სტიმულს. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ამ რბოლაში გამარჯვებული ილონ მასკის სტარტაპი გახდეს.