ჭელიძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შიმშილი, სიღატაკე და უიმედობა – ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი გახდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ისინი ყოფილი სტამბის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც ისეთი სიდუხჭირე სუფევს, რომ ნებისმიერს გული მოუკვდება ნანახით.
განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ არათუ განვითარების ნორმალური შანსი, არამედ ელემენტარული საკვებიც კი. გასულ წელს, უბედურმა შემთხვევამ ჭელიძეების ოჯახის 5 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ამ საშინელ ფაქტს, მითუმეტეს, რომ ტრაგედიის განმეორების გამუდმებულ შიშში არიან.
მეგობრებო, მოდით ამოვუდგეთ გვერდში ჭელიძეების ოჯახს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მოდით, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ მათ არ იშიმშილონ და არ ენატრებოდეთ პურის ნატეხი; მოდით გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ავარიდოთ ეს ოჯახი ახალ განსაცდელს.
ჩვენ ვესაუბრეთ იზო ჭელიძეს, ორი შვილის დედას, და ვთხოვეთ მას გაეზიარებინა საკუთარი ტკივილი:
– დედისთვის ძალიან მძიმეა შვილის დაკარგვა. როგორ შესძელით ამ ტრაგედიის გადატანა?
იზო ჭელიძე: ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული ამ ტრაგედიიდან. სულ ჩემს გარდაცვლილ შვილზე ვფიქრობ; მესიზმრება ხშირად; ისე მგონია, რომ სადღაც აქ არის და მეძახის : „დე, არ მიმატოვო…“.
– ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
იზო ჭელიძე: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. 10 წლის წინ სახელმწიფომ გადმოგვცა საკუთრებაში. საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რა გვექნა, წასასვლელი არსად გვქონდა. ვერ გავარემონტეთ, რადგან სოციალური შემწეობა, რომელსაც ვიღებთ, საკვებზე გვეხარჯება და სხვას მეტს ვერაფერს ვაკეთებთ.
-რაში გამოხატება „საშინელი პირობები“?
იზო ჭელიძე: ირგვლივ ყველაფერი ნესტიანია, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, საწოლები მწყობრიდანაა გამოსული, არც მაცივარი გვაქვს და არც გაზქურა, არც სარეცხი მანქანა და არც გამათბობელი; წყალი ქუჩიდან მოგვაქვს და ბაკებში ვაგროვებთ, ვწვალობთ…
-მეუღლე არ მუშაობს?
იზო ჭელიძე: ქალაქ ბაღდათში საშინელი უმუშევრობაა, მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ადგილზე მაგრამ, ვერაფერს შოულობს. იგი წარმოშობით არის სოფელ ფერსათიდან. ჰქონდა კარგი სახლ-კარი, მაგრამ დაიწვა, ნივთების გადარჩენაც ვერ შესძლო… მერე სახელმწიფომ ეს შენობა გამოგვიყო საცხოვრებლად…
-რა წარმოადგენს თქვენს მთავარ პრობლემას ამჟამად?
იზო ჭელიძე: ყველაზე მეტად შიმშილის მეშინია. უფრო სწორად, მეშინია, რომ ბავშვები არ დარჩნენ მშიერნი. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე ცუდად წავა, ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავარ!
-დახმარებისთვის ხომ არ მიგიმართავთ მაჟორიტარი დეპუტატისთვის ან ადგილობრივ ხელისუფლებისთვის?
იზო ჭელიძე: თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ მიმართოთ დეპუტატს, რომ გვიშუამდგომლოს ჩვენი პრობლემების მოგვარების თაობაზე.
-ბავშვებო, რაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?
გიორგი : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პატარა სახლი; ვოცნებობ, რომ დედა არ ტიროდეს და ჩემი პატარა ძამიკოს სატამაშოები ჰქონდეს…
ლუკა: მე ვოცნებობ სამხედრო მანქანაზე, რადგან მინდა გამოვიდე მეომარი!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჭელიძეების ოჯახს ძალიან უჭირს ამ ეტაპზე. მათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს ჩვენს დახმარებას. ისინი საჭიროებენ პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!
მისამართი: ქ. ბაღდათი, თამარ მეფის ქუჩა, 13, ტელ.: 577381469.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!