ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….