ეს საბრალო ბავშვები ყოველდღე მადლობას სწირავენ უფალს, რომ საკუთარი დედისგან თავის დაღწევა მოახერხეს, რომელიც მათ სცემდა და შიმშილით ხოცავდა! რა საშინელებაა! მარიამი, ნიკოლოზი და თენგო ანტისანიტარიულ პირობებში, სრულიად მოუწესრიგებელ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც თითქმის არაფერი ჰქონდათ! ამ დროს მათი მამა ციხეში იჯდა, რადგან სწორედ ამ უმსგავსო დედამ ოჯახური ძალადობა დააბრალა და უჩივლა. მან არაფერი იცოდა ბავშვების მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ის, რაც ამ ბავშვებმა უამბეს ფონდის კორესპონდენტს, გულს მოგიკლავთ! მარიამი (11 წლის): „როგორ შეიძლება, იმ ქალს დედა რომ დავუძახოთ? მე მას დედად არ ვთვლი! ძალიან ცუდად მექცეოდა. გვცემდა, მეც და ჩემს უმცროს ძმებსაც! საჭმელს არ გვაჭმევდა, მხოლოდ პურითა და ჩაით ვიკვებებოდით ყოველდღე! გვშიოდა! მაცივარში პროდუქტები იდო, მაგრამ უფლება არ გვქონდა, გვეჭამა. ღამით მარტოებს გვტოვებდა ხოლმე და მეზობლებთან მიდიოდა. არც კი ვიცი, რას აკეთებდა იქ!“