რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
თუ შეამჩნიეთ, წელს რა უჩვეულოდ თბილი იყო საქართველოში ნოემბერი?! და იცით, რატომ? არა, არც გლობალური დათბობა და არც კლიმატის ცვლილება არ გახლავთ ამის მიზეზი – უბრალოდ ჩვენს ფონდში ჩატარდა აქცია “თბილი ნოემბერი” და ადამიანებმა, ყველაზე თბილმა და გულკეთილმა ადამიანებმა, გაგვიზიარეს სითბო!
იმ ტანსაცმლის რაოდენობა, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, არც „ცალობით“, არც „კილოგრამებით“ არ განისაზღვრება, მას „ღიმილებით“ ვითვლით, თქვენ ასობით ღიმილის ღირებულების ტანისამოსი გვაჩუქეთ.
„ეს კაბა როგორც კი დავინახე, ვიფიქრე: „ღმერთო, ღმერთო, ნეტავ არავინ აიღოს, ნეტავ ჩემი იყოს. პირდაპირ მე მიყურებდა და მეძახდა! ასეთი ლამაზი კაბა ცხოვრებაში არ მინახავს. იქნებ, ვინმემ იცნოს თავისი კაბა? უნდა იცოდეს, რომ მან ძალიან გაახარა ერთი ლამაზი გოგონა!“
„ჩვენ ტყუპი დაიკოები ვართ და ყველაფერი ერთნაირი უნდა გვქონდეს! რა თქმა უნდა, სათამაშოების გარდა! არ იფიქროთ, რომ გახარებულები არ ვართ – ძალიანაც გვიხარია, მაგრამ აი, აქ, გულის სიღრმეში.“
„როგორ ფიქრობთ, ჩემთვისაც მოიძებნება რამე? სახლიდან ზურგჩანთაც კი წამოვიღე, რომ ახალი და ლამაზი ნივთები ჩავალაგო… ეჰ, რა ცუდია, როდესაც ახალი კაბები არ გაქვს“.
„გეგონათ, ყველაზე ლამაზ კაბას ვერ ვიპოვნიდი? აი, შემომხედეთ! თან, ვარდისფერი ბეწვის ქურქიც კი ახლავს! მორჩა! არც მთხოვოთ, რომ გავიხადო! ასე წავალ სახლში! გზად ვინც შემხვდება, ყველამ რომ დაინახოს, რა ლამაზი ვარ!”
„ნეტავ, დედა ჩემთვის რას აარჩევს? იქნებ, დახმარება ან რჩევა სჭირდება? ნეტავ, ის ბუშტებიანი კაბა თუ შეამჩნია… უნდა ვაჩვენო, უჩემოდ ვერ ნახავს“.
“აი, შემომხედეთ! რა ლამაზია, ღმერთო!!! საცეკვაო. “ბუშტი გოგონა“ ვიქნები
ყველაზე პატარა და მშვიდი ომარი თავისი და-ძმების „საქმეში“ არ ჩარეულა, იცოდა, რომ ისინი მისთვისაც ნახავდნენ იმას, რაც ძალიან მოუხდებოდა – და აი, რას იტყვით?! ეს ქუდი უხდება?
ჯენტლმენის შესაფერისი ქუდია, აი, მანერები კი, გამოსასწორებელი გვაქვს…
„ჩემი ოცნებაა გამოვიდე მოდელი… როგორ მიყვარს კამერის წინ პოზირება! დედა მეუბნება, რომ ვიმანჭები, მაგრამ მოდელებზე ხომ, ასე არავინ ამბობს?”
„ნუ ღელავთ! ნენეს ჰყავს დამხმარე – დედა, რომელიც მიეხმარება ყველა ლამაზი ნივთის სახლამდე მიტანაში!”
“ვინ თქვა, რომ გაღიმება არ შემიძლია?.. ძალიანაც კარგად შემიძლია.“
“ასეთი უთბილესი შარფით ქარს, თოვლს, ქარბუქს და ქარიშხალსაც კი არ შევუშინდები… მინუს ორასი გრადუსიც რომ იყოს”
„დათუნიას ვგავარ ამ ქუდით. ალბათ, საერთოდ არასდროს მოვიხდი… იცით, რა თბილად მაქვს ყურები?“.
იმ დღეს ბევრი დავხატეთ და მულტფილმებსაც ვუყურეთ…
გოგონებმა პოდიუმზე გაიარეს და თავიანთი ლამაზი კაბები გვაჩვენეს… მერე კი, ბევრი ვიმღერეთ და ვიცეკვეთ. და რა თქმა უნდა, გემრიელობების გარეშე ხომ, ვერ ჩაივლიდა დღესასწაული?
მართალი გითხრათ, არ გვინდოდა, ეს დღე რომ დასრულებულიყო. ყველა ჩახუტება და „მადლობა“, რომელიც თქვენ, ჩვენს თბილ ქველმოქმედებს გეკუთვნით, ჩვენ, ანუ ფონდის თანამშრომლებს გვხვდა წილად. და ახლა, ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით თქვენც გაგიზიარებთ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, ბედნიერება როგორ აჩუქო ვინმეს. მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა.