Apple-მა და Synchron-მა აჩვენეს, როგორ მართავს პარალიზებული ადამიანი iPad-ს ფიქრის ძალით.
კომპანიებმა, Apple-მა და Synchron-მა, წარმოადგინეს ვიდეო, რომელიც აჩვენებს, როგორ მართავს პარალიზებული მამაკაცი ნეიროიმპლანტის საშუალებით iPad-ს ფიქრის ძალით. ეს შესაძლებელი გახდა Apple-ის ახალი ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც 2025 წლის მაისში იყო დაანონსებული, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ „ტვინი–კომპიუტერის“ ინტერფეისები (BCI) უშუალოდ Bluetooth-ის საშუალებით დაუკავშირდეს Apple-ის პროდუქტებს. ამის შესახებ გვატყობინებს გამომცემლობა PC Mag.
ვიდეორგოლში წარმოდგენილია მარკ ჯექსონი, რომელსაც დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი. ის Synchron-ის იმპლანტის – Stentrode-ის დახმარებით, ხელების, ხმისა და მზერის გარეშე ახერხებს მენიუში გადაადგილებას, აპლიკაციების გახსნას და ტექსტის აკრეფას. ჯექსონის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელების გამოყენება აღარ შეეძლო, ეგონა, დამოუკიდებლობა სამუდამოდ დაკარგა. ტექნოლოგიამ მას მისცა ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება, სიახლეების წაკითხვა და სამყაროსთან კავშირის განცდა, რამაც მას ძველი ცხოვრების ნაწილი დაუბრუნა.
Apple-ის მთავარი ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიამ ოპერაციული სისტემის დონეზე დაამატა უნივერსალური მხარდაჭერა BCI-დანადგარებისთვის.
ახლა iPad-ი და Mac-ი უკვე აღიქვამენ ნეიროინტერფეისებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ კლავიატურას ან მაუსს. ადრე კი Apple-ის პროდუქტებთან დასაკავშირებლად იმპლანტების მწარმოებლებს არასტანდარტული გადაწყვეტილებების შექმნა სჭირდებოდათ.
დემონსტრაციის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ახალი ვიზუალური ინდიკატორი, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს ეკრანზე ტვინის სიგნალების ამოცნობის დონეს. როცა მომხმარებელი ფიქრობს კონკრეტულ ქმედებაზე, აპლიკაციის ხატულას ირგვლივ გამოჩნდება ლურჯი ჩარჩო, რომელიც სიგნალის გაძლიერებისას თანდათან ივსება, რაც მომხმარებელს აჩვენებს, რამდენად კარგად კითხულობს სისტემა მის განზრახვებს.
Synchron-ის ოპერაციული დირექტორის, კურტ ჰაგგსტრომის აზრით, ეს უკუკავშირი კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დააკორექტიროს ყურადღების კონცენტრაცია სისტემასთან უკეთესად ურთიერთქმედებისთვის. Synchron-ის იმპლანტი Stentrode-გან გამორჩეულია იმით, რომ ტვინში შეჰყავთ სისხლძარღვის მეშვეობით, რაც გამორიცხავს თავის ქალის გახსნას. ამ ეტაპზე მოწყობილობა უკვე ჩადგმული აქვს ათ პაციენტს — აშშ–სა და ავსტრალიაში.