ტყუპებზე ორსულობა გაურთულდა საბრალო დედას, რადგან ჰიდრონეფროზი (თირკმელების დაავადება) აღმოაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, როდესაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა და თირკმელში სტენტი ჩაუდგეს. შეჭირვებული ქალი ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წვალებით მოგროვებული თანხით მივიდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თირკმელში ჩადგმული სტენტის გამო, მხოლოდ საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო მისი მშობიარობა და არა ფიზიოლოგიურად, რადგან ეს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.
ბავშვების საბრალო დედამ ვერ შეძლო მშობიარობამდე დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეტარებინა. იცით, რატომ? წყეული უფულობის გამო. ამიტომ იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი ქალისთვის და საბრალო ტყუპებისთვის.
ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ორი ბავშვის გაჩენა შეეძლო ქალს, რომელსაც სტენტი ჰქონდა ჩადგმული თირკმელში. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… დიახ, გართულებული მშობიარობის გამო, ბავშვებს ასფიქსია განუვითარდათ და თავის ტვინი დაუზიანდათ. უპასუხისმგებლო ექიმს კი იმ ღამით მშვიდად ეძინა სახლში. მეორე დღეს კი პრეტენზიები გამოთქვა დედის მიმართ: „რა გატირებს, შენი შვილები ავადმყოფები დაიბადნენ, ასეთი ბავშვები რაში გჭირდებაო?“ დიახ, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმა გაბედა გამწარებულ დედასთან ექიმმა. იმ ექიმმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის.