ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მშობლების სითბოს და ყურადღებას მოკლებულ ბავშვებზე. ქობულეთსა და თბილისში ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, იღებს ყველაფერს, რაც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ჩვენ ვცდილობთ რომ პატარების ცხოვრება სავსე იყოს საინტერესო მოვლენებით და ამიტომ ხშირად ვუწყობთ მათ შეხვედრებს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან!
ცოტა ხნის წინ ჩვენი თბილისში მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავისი ვიზიტით მსახიობმა, ტელეწამყვანმა მომღერალმა და უბრალოდ შესანიშნავმა ადამიანმა – ვანიკო თარხნიშვილმა გაახარა!
ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტ „ნიჭიერისა“ და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებების პროცესში შეემთხვა. ბავშვები ვანიკოს სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ – ისინი ხომ ასეთი დონის ვარსკვლავს პირადად ძალიან იშვიათად ხვდებიან!
საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობენ ხოლმე და შეპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ!
დიდი მადლობა ვანიკო, ბავშვებს შენთან ერთად გატარებული დღე დიდი ხნით დაამახსოვრდებათ!