რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ანჯელინა ჯოლი – ჰოლივუდის მთავარი ქველმოქმედი
მსახიობი ანჯელინა ჯოლი 15 წელზე მეტია ჩართულია ჰუმანიტარულ ინიციატივებში და აარსებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ყველგან, სადაც კი ჩნდება. როდესაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ქორწინებაში იყვნენ, წყვილმა დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი და მუდმივად იღებდა აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კამპანიებში. მაგალითად, მათ თავიანთი საქორწილო ფოტოების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადასცეს ორგანიზაციას „ექიმები საზღვრების გარეშე“, ბრედ პიტის მონაწილეობით ნიუ–ორლეანში აშენდა 100 სახლი, რისთვისაც მან გამოყო თანხები პირადი Make It Right ფონდიდან. ბრედმა და ანჯელინამ 8,4 მილიონი დოლარი დახარჯეს ნიუ–ორლეანში 150 სახლის ასაშენებლად. ამრიგად, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა ახალი სახლები მიიღეს. 2010 წელს წყვილმა 1 მილიონი დოლარი შესწირა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ჰაიტიზე, რათა ჰაიტიზე 100-ადგილიანი კარავი–ჰოსპიტალი და ორი საოპერაციო ოთახი დაედგათ და მოეწყოთ. ასევე 2010 წელს ანჯელინამ და ბრედმა შესწირეს: 75 ათასი დოლარი სკოლის მშენებლობისთვის აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში (სკოლას აქვს 8 კლასი, 4 ადმინისტრაციული შენობა, ჭა და 8 ტუალეტი); 100 ათასი დოლარი პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს; 150 ათასი დოლარი SOS ბავშვთა სოფლებს აშშ–ში; 1 მილიონი დოლარი შესწირეს წმ. ჯონის ფონდს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის.
2011 წელს წყვილმა შესწირა: 2 მილიონი დოლარი ნამიბიის ველური ბუნების ნაკრძალს ნაანკუსეს; 500 000 დოლარი ჯოპლინის ტორნადოს მსხვერპლთათვის, მისურის შტატი, აშშ; 340 000 აშშ დოლარი სომალის დამანგრეველი ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა და მათი დედების ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად. ბრედთან გაშორების მიუხედავად, ჯოლი დამოუკიდებლად აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში და ეხმარება გაჭირვებულებს მსოფლიოს ყველაზე მივიწყებულ კუთხეებში.