რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
თქვენ კეთილი სიზმრის ანგელოზებად მოგვევლინეთ ხანდაზმულ ხალხს. თქვენც დაბერდებით და ახალგაზრდობაში გაღებული ეს სიკეთე, კელაპტარივით გაგინათებთ სიბერის წლებს. უფალი იყოს თქვენი მწყალობელი!
საოცარი ემოციებითა და ბედნიერებით გიბრუნდებით, ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო. ჩვენი მარტოხელა, ხანში შესული ბენეფიციარები გაოცებულნი არიან თქვენი ღვთისმოსაობითა და სიკეთის კეთების სურვილით. თქვენი შემოწირულობებით ჩვენი ფონდის თანამშრომლები ეწვივნენ იმ მარტოხელა/სნეულ მოხუცებს, რომელთაც ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ ამ ცხოვრებაში.
შუშანა ბებო: „მადლობა რომ არასდროს გავიწყდებით. ჩემი შვილები ხართ ყველა. თქვენი გულიდან გაღებული ერთი თეთრიც კი ღმერთმა ასიათას სიკეთედ და ბედნიერებად დაგიბრუნოთ!“
მადონა ბებო: „ჩვენი ყველას იმედი ხართ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მრცხვენია, ასე რომ გაწუხებთ, მაგრამ, ვაი, რომ მუხთალმა ცხოვრებამ სხვა გზა არ დამიტოვა“.
მადონა ბებო: „რამდენი რამე მოგიტანიათ, შვილო, ჩემი სამი თვის პენსია არ მეყოფოდა ამდენი რამის საყიდლად“.
ჩვენს საყვარელ მოხუცებს, თქვენი შემწეობით, მივუტანეთ უამრავი საჭმელი, ხორცეული, ტკბილეული, ბურღულეული, ჰიგიენური საშუალებები და ყველაზე მთავარი – სითბო და სიყვარული, რომელიც მათ ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მზია ბებო: „არ ვიცი, რით დავიმსახურე თქვენი ამდენი ყურადღება. დღე და ღამე ვლოცულობ თქვენს შემომწირველებზე. უფალმა მისცეთ შესაძლებლობა, რომ აკეთონ კეთილი საქმე ამ ქვეყანაზე!“
კარინა ბებო: „კეთილო ადამიანებო, თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენნაირი მოხუცების ბედიც თქვენს ხელშია! მადლობელი ვარ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ასე გვილამაზებთ“.
ჩვენი ფონდის ავტომობილის გამოჩენა ერთი დიდი სიხარულია ფანჯრებიდან მომზირალი მარტოხელა მოხუცებისთვის. ისინი იღიმიან, გვლოცავენ და სიხარულით გველოდებიან ყოველთვის. დაე, არასდროს მოვუშალოთ მათ ჩვენი იმედი!
მადონა ბებო: „თქვენნაირი ახალგაზრდობა გადაარჩენს ამ უსამართლო ქვეყანას, ბებო გენაცვალოთ“.
კლარა ბებო: „როგორ მინდა დაგინახოთ. სამწუხაროდ, სრულიად უსინათლო ვარ, მაგრამ ჩემს გონებაში ანგელოზებად იხატებით“.
გალაქტიონ ბაბუ: „ოხ, რა ხალხი ხართ, თქვენ! სიკეთითა და სიყვარულით სავსე! ვერასდროს გავანებივრებდი ჩემს თავს ასეთი და თან ამ რაოდენობით პროდუქტების ყიდვით!
ელისო ბებო: „ამ ღვთისმშობლის ხატზე ვილოცებ ყველა კეთილი ადამიანისთვის, ვინც იცის და გრძნობს ჩვენს გაჭირვებას! თქვენ უფლის გამორჩეული შვილები ხართ“.
ძალიან გვიჭირს სიტყვებით გადმოვცეთ ამ ადამიანების ემოციები თქვენ მიმართ, კეთილო ადამიანებო. მათ სევდიან და დანაოჭებულ სახეზე გამოჩენილი ღიმილის მთავარი შემოქმედი ხომ სწორედ თქვენ ხართ!
მიიღეთ ამ შეჭირვებული მოხუცების ლოცვა, იხარეთ თქვენი გაკეთებული საქმეებით და გახსოვდეთ უფალი მუდამ თქვენთან იქნება, რამეთუ თქვენ შეგწევთ ძალა, იყოთ გამცემნი. უფალი კი არასდროს ივიწყებს თქვენნაირ ადამიანებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დღესასწაული მოხუცებისთვის)