„დედიკო, მე არასდროს მიგატოვებ, ოღონდ არ იტირო, რა? ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები“, – ამ სიტყვებით უხდება უსინათლო დედის დამშვიდება 14 წლის ლაშას, რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენს.
51-წლის ცისანამ მხედველობა 7 წლის წინ უეცრად დაკარგა. დილით გაიღვიძა და … ვერ დაინახა შვილის სახე, ნაბიჯი გადადგა და… თავი კედელს მიახეთქა, რის ვაივაგლახით მიცოცდა ფანჯარასთან, თუმცა მზის შუქი არც იქ გამოჩნდა. ირგვლივ სიბნელე იყო გამეფებული. ეგონა, რომ ეს მდგომარეობა ცოტა ხანში გაივლიდა, მაგრამ სინათლე მის თვალებში თურმე არ აპირებდა „დაბრუნებას“.
მას შემდეგ ცისანას მისი შვილი ლაშა უვლის, რომელიც ალაგებს სახლს და ეზოს, რეცხავს ტანსაცმელს და თეთრეულს, ეხმარება დედას ჩაცმასა და გადაადგილებაში, აკეთებს სადილს…როდესაც აქვს პროდუქტები. სამწუხაროდ, ხშირად ისინი შიმშილობენ.
ლაშას არავინ აიძულებს ამის გაკეთებას, მას უბრალოდ უყვარს საკუთარი დედა და მზადაა, მას სიცოცხლეც კი შესწიროს.
„პირველ ხანებში მთელი დღეები ვტიროდი. ბავშვი პატარა იყო, დამხმარე არავინ მყავდა… რომ იცოდეთ როგორ მიჭირდა! გული მისკდებოდა, როდესაც ჩემი ბიჭის მომავალზე ვფიქრობდი. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩემი ვედრება და გადაგვარჩინა! უკვე შევეჩვიე იმ აზრს, რომ დღის სინათლეს ვერასდროს დავინახავ, თუმცა მადლობელი ვარ ღმერთის, რომ კარგი შვილი მეზრდება!“,- ამბობს ცისანა ბედოევა.
ცისანა და ლაშა ახალგორიდან დევნილები არიან. 2008 წელს მათ მშობლიური კუთხის დატოვება მოუხდათ და წეროვანის დევნილთა დასახლებაში დასახლდნენ. ცისანას ჰყავდა ნათესავები სამხრეთ ოსეთში, თუმცა გადაწყვიტა თანასოფლელებთან ერთად არ დარჩენილიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
10 წლის განმავლობაში, ბევრმა დევნილმა შესძლო საკუთარი კარ-მიდამოს მოწყობა, ბაღის გაშენება, მცირე მეურნეობის წარმოება…ლაშა და ცისანა ყველაფერ ამას მოკლებულნი არიან. როგორ უნდა იზრუნოს სახლზე თუ მეურნეობაზე უსინათლო ქალმა და მოზარდმა ბიჭმა? ხშირად მათ პურიც კი ენატრებათ და დედის, I ჯგუფის ინვალიდის, მორიგ პენსიას ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელიან.
ახლა კი საერთოდ უფულოდ დარჩნენ, რამეთუ ვალების გასასტუმრებლად ცისანამ 5 თვის პენსია წინასწარ აიღო…
გულისტკივილის გარეშე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამ ოჯახს სოციალურმა აგენტმა დახმარება მოუხსნა. ესე იგი, როგორი „ბრმა“ და გულქვა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ამ დედა-შვილის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და მათი სულიერი მდგომარეობა?!
ძალიან იწვალეს, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო! ლაშა სკოლას აცდენდა და დედა სოციალურ სააგენტოში დაყავდა წვიმაში და ქარში, ნახევრად მშიერი და დამცირებული…
ასეა თუ ისე, ცისანა და ლაშა ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ და იბრძვიან გადასარჩენად. მათ მხოლოდ ორი იარაღი გააჩნიათ – ლოცვა და სიყვარული!
მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ამ საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილს, მისცეთ მათ მომავლის იმედი და სიცოცხლის სტიმული, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცისანა და ლაშა ბედოევი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით (ილია II).