– აქ ბევრი გველია, თავად მყავს ნანახი! კედლებში კი ხვრელები გვაქვს და მოულოდნელად, სახლში გველი რომ შემოიპაროს და დაგვკბინოს, რა უნდა ვქნათ?! – თვალებგაფართოებული გვიყვება 10 წლის ბაჩუქი. ის და მისი ძმები: გეგი – 4 წლის, დათო – 12 წლის და მათე – 13 წლის, ნახევრად დანგრეულ, ხის ფარდულში ცხოვრობენ, რომელსაც შეუძლებელია, სახლი უწოდო!
– ზამთარში აქ საშინლად ცივა, ზაფხულში კი – ცხელა. სადაცაა, სახლიც ჩამოინგრევა, ისეთ მდგომარეობაშია! – ტირის ოთხი მშვენიერი ბიჭის დედა, იზო (36 წლის) და მუყაოთი „დათბილულ“, ჩამონგრეულ კედლებს გვიჩვენებს, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. – კედლები ერთიანად დალპა! მაგრამ რა გავაკეთოთ? ფული საჭმლისთვისაც კი არ გვყოფნის.