გეგი (11 წლის): მე გეგი ვარ – მომავალი გიდი! უკვე „ვმუშაობ“ კიდეც, ჩემი მომავალი პროფესიით. სვანეთში ვცხოვრობ – მესტიაში. იცით, რა ლამაზია სვანეთი?
– და რას აკეთებს ჩვენი მომავალი გიდი? ტურისტებს აცნობს ამ უალამაზესი კუთხის კულტურას და ისტორიას? აბა, მომიყევი, რანაირად მუშაობ.
გეგი: ვმუშაობ რა… ტურისტებისგან ფულს არ ვითხოვ, თავად რამეს თუ მაჩუქებენ ხოლმე. მაგასაც არ გამოვართმევდი, მაგრამ… მაგრამ ახლა, ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. სახლი დაგვეწვა. დედას ფული არ აქვს, ინგლისურზე რომ მატაროს. გიდისთვის კი, ინგლისური აუცილებელია. ამიტომ, ჩემი ოცნებაა ინგლისურის ბევრი სახელმძღვანელო და ლიტერატურა მქონდეს, თავად რომ შევძლო მეცადინეობა.
– გეგი, სად დაგყავს ხოლმე ტურისტები? რაიმე გარკვეული მარშრუტი გაქვს შერჩეული?
გეგი: მარგიანების კოშკებს და მუზეუმს ვაჩვენებ. იცით, რა საინტერესოდ ვუყვები ისტორიებს? ყველა კმაყოფილია. მუშაობაში უფრო ბევრი რამ ვისწავლე სვანეთის შესახებ. ტურისტები ხომ, კითხვებსაც მისვამენ. მე კი, ამ კითხვებზე სწორი პასუხები რომ მქონდეს, ახალ-ახალ ინფორმაციას ვეცნობი… მუზეუმიც კარგად შევისწავლე. მე ხომ, გიდობაზე ვოცნებობ. მიყვარს საქართველოს ისტორია, ძალიან საინტერესოა!
– ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების გარდა, კიდევ რაზე ოცნებობ?
გეგი: კარგი ტანსაცმელი მინდა, განსაკუთრებით ზამთრის. ტურისტებს ცუდად ჩაცმული ხომ ვერ დავხვდები? ჩემი ტანსაცმელი, წიგნები, ყველაფერი ცეცხლში დაიწვა…