ბავშვების ახდენილი სურვილები

თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემური: ახლა, მეც შემიძლია სხვა ბავშვებივით თამაში, კითხვა და ფილმების ყურება. ადრე, მოწყენილი ბიჭი ვიყავი, რომელმაც სულ არ იცოდა, ქვეყანაზე რა ხდებოდა. მაგრამ ახლა, ახალი მეგობრები მყავს, რომლებმაც მაჩუქეს ეს საოცრება და ყველაზე სანუკვარი სურვილი ამისრულეს!
- კიდევ გაქვს სურვილები?
თემური: კარგი საწოლი მინდა, ისეთი, გვერდები რომ აღარ მეტკინოს!

ნიკას ახალი პლანშეტი და ველოსიპედი აქვს
ნიკა: ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! ეს რანაირად? ჩემთვისაა ყველა ეს საჩუქარი? ყველა დღესასწაულისაა? ყველა «კარგად მოქცევისთვის“? სულ დამიტოვებთ? თუ, მერე წაიღებთ უკან? ჩემია ეს ყველაფერი? ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! ძალიან დიდი მადლობა! მეტი არაფერზე აღარ ვიოცნებებ!

ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ილია: როგორ ვოცნებობდი პლანშეტზე! პატარა კომპიუტერივით არის, არა? იცით, რამდენი რამის კეთება შემიძლია ვისწავლო? აი, ნახავთ! შეიძლება, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიყიდა?
- რა თქმა უნდა, შეგიძლია.
ილია: როგორ გაუმართლათ თქვენს შვილებს, რომ მათი მშობლები ხართ! მე თუ პლანშეტი მაჩუქეთ, ესე იგი, თქვენს შვილებს ალბათ, საერთოდ ყველა სურვილს უსრულებთ!

რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
სოფია: დედა 22 სექტემბერს გარდაიცვალა. გახსოვთ, როგორ იტანჯებოდა, როგორ სტკიოდა ყველაფერი. ვიცოდი, რომ საშინელი დაავადება სჭირდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ შევძლებდი მის განკურნებას! მე ხომ, ისე კარგად ვუვლიდი. მაგრამ დედა ჩვენთან აღარ არის, ის ზეცაშია და ვიცი, ლოცულობს ჩვენთვის. იცით, მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და გაგვამხნევა? სრულიად უცნობები! ყველაზე დასამახსოვრებელი კი, ჩემთვის იყო დაბადების დღის საჩუქარი ფონდისგან! ისეთი ბედნიერი ვარ! ტელეფონზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი! ახლა კი, ხელში მიჭირავს. და ის ვიღაცის კი არა, ჩემია! სულ ახალი და ლამაზი! ძალიან დიდი მადლობა!

შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
მერაბი: გახსოვს, შენ არ მიჯერებდი, რომ არსებობს ისეთი მანქანები ბავშვებისთვის, რომლებშიც შეგიძლია ჩაჯდე. აი თუ არ არსებობს! არსებობს! ნახე როგორ ვეტევი!
- მეც ჩამსვამ?
მერაბი: გაგიჟდი? შენ არ ჩაეტევი! შენ ხო გყავს მანქანა, ხოდა, იმაში ჩაჯექი. ჩემ ძმასაც არ ჩავსვამ შიგნით! ნუუ, ცოტა პატარა რომ იყოს კი ვათხოვებდი, მაგრამ კიდევ კარგი რომ დიდია და არ ჩაეტევა. ხოდა ეს მანქანა მხოლოდ ჩემია!
- იცი, ეს ოცნება რომ აგსრულებოდა 27 კეთილმა ადამიანმა ერთად შეკრიბა ფული ამ მანქანის საყიდლად.
მერაბი: აი როცა გავიზრდები, და ჩემი ნაღდი მანქანა მეყოლება, ყველას გავასეირნებ. აქ მართლა ვერ ჩაეტევიან.

ახლა, ტელეფონი მაქვს და სულ სხვა ადამიანი ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ მარის! ის თქვენ გიღიმით! რამდენიმე დღეში ორი წიგნი წავიკითხე და ვიპოვე ყველა იმ ამოცანის პასუხი, რაც რთულად მეჩვენებოდა. დავიწყე სურათების გადაღება, მეგობრებთან საუბარი გაკვეთილების შემდეგ. ისეთი ბედნიერი ვარ! ყველა გოგოს ვუსურვებ, მუდამ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც ახლა მე ვარ. არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება! ამ ქვეყნად ცხოვრობს უამრავი კეთილი ადამიანი!

ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!
- შეგიძლია მომიყვე შენს ემოციებზე, პლანშეტი რომ მიიღე საჩუქრად?
თამარი: კინაღამ მოვკვდი სიხარულისგან! მართლა! ვერ დავიჯერე. შეფუთვას რომ ვხსნიდი, მეგონა, შიგნით სხვა რამე იქნებოდა.
- მაგალითად, რა?
თამარი: შოკოლადები ან ფანქრები... მაგრამ, პლანშეტს ნამდვილად არ ველოდი! ისე მიხარია, ღამით ვერ ვიძინებ! მინდა სიხარულისგან ვიყვირო და ყველას ვუთხრა, რა ბედნიერი ვარ.
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც შენი სანუკვარი სურვილი აასრულა?
თამარი: ძალიან მინდა ვიცოდე ყველას სახელი, ვინც მაჩუქა ასეთი საჩუქარი! ძალიან მინდა, ყველას რომ ჩავეხუტო! რომ გავიზრდები და მეც მექნება ფული, მარტო ჩემი შვილების კი არა, ყველა ღარიბის ოცნებებს ავასრულებ.

ღმერთო! შენ შეისმინე ჩემი ლოცვები!
ნათია: მოიცა! ახლა ათამდე დავითვლი, მერე კი, მიჩქმიტე! სიზმარში ხომ არ ვარ? ეს სინამდვილეა? ხომ არ გამეღვიძება ახლა? იცი რამდენჯერ მიოცნებია ამაზე? ეს ხომ, უბრალოდ შეუძლებელია!
-ნათია, ასეთ პლანშეტზე ოცნებობდი?
ნათია: კი! ღმერთო! ძალიან მაგარია! აღარ ვიცი, რა ვთქვა. ყველა სიტყვა ამერია თავში!
- რას ეტყოდი კეთილ ადამიანებს, რომლებმაც შენი სურვილი გაიგეს და ასეთი პლანშეტი გაჩუქეს?
ნათია: ყველას ვაკოცებდი! არ ვიცი, ალბათ ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი! ვეტყოდი, რომ ისინი ყველაზე კეთილი ადამიანები არიან საქართველოში. არა, მთელ პლანეტაზე! და კიდევ, რომ გავიზრდები, სხვა ბავშვებს ავუსრულებ სურვილებს! მოკლედ, ახლა წავედი, გავერკვევი და ჩემს მეგობრებს დავურეკე!

ბიჭს, რომელიც ვერ დადის, ახლა, ბედნიერებისგან ფრენა შეუძლია!
ბექა: იცი, ჩემნაირ ბავშვებს ბევრი სურვილი არ აქვთ! ვერ ვიოცნებებ ველოსიპედზე, ფეხბურთის სათამაშო სპორტულ ფორმაზე. სიარული არ შემიძლია, სკამზეც კი ვერ ვჯდები. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო კომპიუტერი ან პლანშეტი. მაგრამ იცით, პლანშეტი ჯობია, შემიძლია დავწვე და ისე ვუყურო.

მიჩქმიტეთ, მგონი, სიზმარში ვარ!
შალვა: რა დევს ამ ყუთში? არ მჯერა... ახლა მე გავიქცევი, მერე „მოვიქცევი“ და ისევ თუ მომცემ ამ ყუთს, ესე იგი, არ მძინავს. ღმერთო! არ მჯერა. და არასოდეს დავიჯერებ, რომ ეს პლანშეტი ჩემია! ასე არ ხდება! ახლა, ბედნიერებისგან მოვკვდები!
- კარგი, გახსენი, რას ელოდები?
შალვა: მოიცა, ახლა ჩემს საჩუქარს უნდა ვაკოცო! აი, ასე მაგრად ჩავკოცნიდი ყველას, ვინც მიყიდა. ღმერთო! არ მჯერა... ახლა მთელ სოფელში ყველაზე მაგარი პლანშეტი მექნება. მოდით, თქვენ მაინც ჩაგეხუტოთ და გაკოცოთ, თქვენ კი, ყველას გადაეცით!
- არც მე ვიცნობ მათ.
შალვა: და როგორ აჩუქეს სრულიად უცნობმა ადამიანებმა ასეთი ძვირფასი საჩუქარი სრულიად უცნობ ბიჭს? არ ვიცი! ახლა, ნამდვილად მჯერა სასწაულების!

მიჩქმიტე და მითხარი, რომ ეს სიზმარი არ არის!
მას შემდეგ, რაც გიამბეთ პატარა გაგაზე, რომელიც ხის ფიცარზე ფანქრით ხატავდა ღილაკებს და წარმოედგინა, რომ ეს პლანშეტი იყო, ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარებოდა, რომ თქვენ აასრულებდით მის სურვილს. და აი, სასწაულიც მოხდა: საოცნებო პლანშეტი ყველაზე ბედნიერი ქართველი ბიჭუნას ხელთაა! გაგამ დიდხანს ვერ ამოიღო ხმა. მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „ახლა გავიღვიძებ, ახლა ვიტირებ, არ მჯერა, არ მინდა, ახლა რომ გამეღვიძოს“.
მის ნაცვლად მადლობას ჩვენ გეუბნებით - ადამიანები, ვინც ნახა გაგას თვალები, რომელიც უყურებდა ნამდვილ სასწაულს. თურმე, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ასეთმა პატარა ნივთმა!

გიორგის მთავარი ოცნება აუსრულდა
გიორგი: დედიკო ცოცხალი რომ იყოს, ვაჩვენებდი როგორი საჩუქარი მომიტანეთ. ამ პლანშეტს ვაჩვენებდი! ვასწავლიდი მასზე როგორ უნდა მოეძებნა მულტფილმები.
- საშობაოდ რას ისურვებდი საჩუქრად?
გიორგი: აი, სულ რომ პლანშეტში არ ვიყო დაკარგული, ერთ ველოსიპედს ვისურვებდი და სპორტულ ფორმას.
|