80 წლის მარია წარმოშობით რუსეთიდანაა. მისი მშობლები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ და გოგონა ობოლი დარჩა. მისი თქმით, მას არც სახლ-კარგი გააჩნდა და ღამეს სასაფლაოზე ათენებდა, მოგვიანებით კი ბავშვთა სახლში გაანაწილეს…
ურალში, მაღაროში მუშაობის პერიოდში, მან გაიცნო ქართველი ახალგაზრდა, მომავალი მეუღლე. ახლადდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა თბილისში გამგზავრება, თუმცა მარიას შემდგომი ცხოვრება მწუხარებითა და სევდით აღსავსე აღმოჩნდა.
მეუღლემ იგი მიატოვა, როდესაც მათ დაუნის სინდრომით დაავადებული ვაჟი შეეძინათ. ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში დაიწყო თავის გატანისა და ბრძოლის უმძიმესი პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება…
ნათესავები მარიას საქართველოში არ ჰყავს, შვილის მოვლაში არავინ დახმარებია, ფაქტიურად, მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა და დღესაც, დაუმის სინდრომით დაავადებული შვილისთვის იგი ერთადერთ იმედად და საყრდენ ძალად რჩება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი 80 წლისაა!
უმძიმესმა წლებმა გავლენა იქონიეს მარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაიტანა ინფარქტი, აწუხებს გულის უკმარისობა, გაკეთებული აქვს ხერხემლის თიაქარის ოპერაცია, ხშირად ტკივილების გამო ვერ დგება და საწოლს არის მიჯაჭვული. თუმცა, მთავარ სატკივარს კვლავაც ვაჟი წარმოადგენს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და დედაზეა დამოკიდებული.
მარია ლაზარევა და მისი შვილი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ. უმწეო მდგომარეობა მათ სასოწარკვეთისკენ უბიძგებს და ცხოვრებას აუტანელს ხდის. მარიას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, მის ცხოვრებაში უნდა გამოჩნდეს ისეთი გულისხმიერი და სათნო ადამიანი, რომელიც აიღებს მასზე მზრუნველობას, არ მოაკლებს სითბოს, ყურადღებას და დაეხმარება დარჩენილი წლების ღირსეულად გატარებაში!