2014 წლის 6 სექტემბერი აჩიკოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა! სახლთან ახლოს ის უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. მაშველები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ყმაწვილის გამოყვანას დამსხვრეული მანქანიდან. უგონო მდგომარეობაში მყოფი აჩიკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 3 თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატს იყო მიერთებული და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა.
უფლის წყალობით ექიმებმა შეუძლებელი შესძლეს და აჩიკო ბაირამოვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა…
სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, იგი კვლავ უგონო მდგომარეობაში იმყოფება, სუნთქავს და იკვებება ტრაქეაში და კუჭში ჩადგმული სპეციალური მილებით. მას ხშირად მოსდის შეტევები, ეწყება ეპილეფსიური კრუნჩხვები, ფეხები ფაქტიურად ატროფირებული აქვს, გარემოს აბსოლუტურად ვერ აღიქვამს.
„როდესაც შემატყობინეს ამ უბედური შემთხვევის შესახებ, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი, რომელიც სახლიდან ორიოდე საათის წინ გავიდა, თავისი ფეხით ვერ დაბრუნდებოდა…არადა იგი ავარიამდე ცოტა ხნით ადრე სამომავლო გეგმებს აწყობდა, ოჯახის შექმნას აპირებდა, იყო ბედნიერი და სრულიად ჯანმრთელი. აი ასე, ერთ წუთში დაინგრა გეგმებიც და მთელი მისი სიცოცხლე…“, – ამბობს აჩიკოს დედა ჯამილა.
ბაირამოვების ოჯახი შეჭირვებულად ცხოვრობს. დედა ვერ მუშაობს, რადგან 24 საათი ავადმყოფ შვილს უვლის, ხოლო მამას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ მუშაობა დაიწყოს. ოჯახში კიდევ 2 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება.
დიახ, მატერიალური სიდუხჭირის გამო აჩიკო ბაირამოვის ოჯახს უჭირს ძვირადღირებული მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სპეციალური კვების შეძენა, ვერ უტარებენ ავადმყოფს მასაჟებს და სათანადო მკურნალობას.
ამ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობის თანხა მოუხსნა. მიზეზად დასახელდა ოთახის გამათბობლის გამოყენება.
რომ არა კეთილი ადამიანები, აჩიკო დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ყმაწვილს დახმარების ხელი! დავირაზმოთ მის ირგვლივ, არ დავრჩეთ გულგრილნი, არ ავუაროთ გვერდი მის გასაჭირს, გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჩიკო ბაირამოვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/368-bairamov/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით (ილია II).