აბა, თუ იპოვით ექვს ბავშვს ბნელ, გაუბედურებულ ქოხში?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
შეგეშინდათ და გონზე ვეღარ მოდიხართ, არა? ეს დანგრეული ქოხი, ხოსიაშვილების ოჯახის თავშესაფარია
ეს ხომ, სახლიც კი არ არის, სახლის ჩონჩხია, რომლის თითოეულ ძვალსაც გაარჩევთ. გარე კედლებისგან, მხოლოდ ხის ფიცრები დარჩა. ეს ქოხი იმდენად განადგურებულია, რომ მისი ნებისმიერი ნაწილის მომტვრევა ხელით არის შესაძლებელი. შიგნით კი, დღისითაც შუქი უნდა აანთო, ერთმანეთი რომ დაინახო, იმდენად ბნელა. ამიტომაც, მუდმივად ანთია ორი მბჟუტავი ნათურა. ცოტა ხანს ასე რომ იჯდები, და თვალი რომ მიეჩვევა, ბინადრების სახეების გარჩევას მოახერხებ. ცხრა ადამიანი ცხოვრობს – ექვსი ბავშვი და სამი ზრდასრული. ამ სიბნელეში და სივიწროვეში.
გაგვიმართლა და გაბრიელი, ყველაზე პატარა და ცქვიტი ეზოში ვნახეთ, დღის შუქზე. „დახმარებიდან მოვიდნენ! – დაუძახა მან დედამისს, ჟანას. და მაშინვე მკითხა: – როდის იქნება შენი დახმარება? უკვე მშია. დედას საჭმელი ვთხოვე, მან კი მითხრა, დამელოდეო. არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ. შენ იცი, რა უნდა ვჭამოთ დღეს? უკვე დავიღალე ეზოში თამაშით, ბავშვები საჭმელად წავიდნენ. უ-უ-უ…“ – წუწუნებს განაწყენებული გაბრიელი.
სახლიდან ხმამაღალი სიმღერა ისმის, მაგრამ, რომ შევდივარ, წყდება. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი, ნათია, ჩამეხუტა და მკითხა: „როგორ ხარ?“ ბავშვები ერთმანეთში ჩურჩულებენ, „დახმარებას“ რა უნდა სთხოვონ.
გაბრიელმა მაშინვე რამე საჭმელი მთხოვა
– ჟანა, ვინ მღეროდა?
გელა (11 წლის), დაასწრო დედას პასუხის გაცემა: დაჯექი და გაიგებ, თუ გაინტერესებს.
ჟანა: ძალიან მრცხვენია, რომ ბავშვებს შეუძლიათ ასე, ნებისმიერ ადამიანს, უცებ რომ სთხოვონ საჭმელი. რამდენჯერ მიტირია ამის გამო, სად წავიდე, რა მოვუტანო?
გაბრიელი (6 წლის): რის გრცხვენია? (ტირის.) ჭამა სამარცხვინოა? (ცხვირს იხოცავს.) ძველი სადილი მაცივარში აღარ არის, ნათიამ შეჭამა, ღამით.
ჟანა: ლამის ჭკუიდან შევიშალო. ყოველდღე ეს პრობლემა გვაქვს: დღეს თავი როგორ გავიტანოთ? რით ამოვივსოთ კუჭი? ბავშვები სკოლას აცდენენ იმიტომ, რომ შიმშილისგან დაუძლურებულები არიან და იღლებიან. უბრალო ფუნთუშასაც კი ვერ ვატან. რა უნდა დაიმახსოვრონ, როდესაც თვალთ უბნელდებათ და გული ერევათ?
ვეცოდებით მაღაზიის პატრონს, სადაც პროდუქტებს ნისიად ვიღებ, და ვალის დაბრუნებას კვირეობით არ გვთხოვს. „თუ ღმერთი გწამს, აიღე რაც გჭირდება, არ შემიძლია შენი შვილების ტანჯვის ყურება“. ხანდახან, ჩვენი ვალი, 900 ლარამდეც კი ასულა. მერე, ვცდილობთ სოციალური დახმარებიდან (900 ლარი სახელმწიფოსგან) დავაბრუნოთ. ახლა, 200 ლარი გვაქვს ვალი მაღაზიაში და გაზის დავალიანება – 50 ლარი. ფული რომ გამიჩნდება, მხოლოდ ერთი რამ უნდა ავირჩიო და არ ვიცი, რა: საჭმელი, ბავშვების ფეხსაცმელი, ან ვალის დაბრუნება.
ოთახში, ბავშვების სახეებს ვერ განახებდით, ფოტოკამერას სპეციალური რეჟიმი რომ არ ჰქონდეს. აქ ისე ბნელა, როგორც თხუნელას სოროში.
ეს კუთხე კი, ნათიას ოთახია
„ჩვენს აბანოში თუ იბანავებ, გაცივდები და სამკურნალო გახდები“
ნათია (მე მომმართავს): როგორ ხარ? რას აკეთებ?
– დედას ველაპარაკები.
გელა: კიდე ვერ მიხვდი, ხო? (ღიმილით მეკითხება.)
ნათია: „ჰარალეე, ჰარალეე…“ (უცებ ხმამაღლა იწყებს სიმღერას.)
გელა: კიდევ ასჯერ გკითხავს: „როგორ ხარ?“ და მთელი დღე იმღერებს.
(ნათია ძლიერად ქანაობს სკამზე და მღერის.)
გელა: ნათია, გეყო, ნუ მღერი. ჩვენს სტუმარს თავს აატკიებ.
– არა უშავს, იმღეროს, არ მიშლის ხელს.
გელა: მინდოდა, დაგხმარებოდი. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, შენ კი არ ხარ მიჩვეული, გაგაგიჟებს ეს სიმღერები.
ჟანა: ჩვენს გოგონას, ნათიას, ეპილეფსია აქვს. მისთვის მღელვარება არ შეიძლება. არც დიდი სიხარული, არც ნერვიულობა. მუდამ მის გვერდით ვარ, თვალ-ყური რომ ვადევნო მის მდგომარეობას. უცებ თუ გაჩუმდა და ერთ წერტილს მიაჩერდა, უნდა მიიქციო მისი ყურადღება. ხანდახან, შეიძლება ერთი საათის განმავლობაში, ასე იჯდეს, გაშეშებული. მე არ ვასვენებ, ვეხვევი, ვეძახი: „ნათია!“ ამ დროს, თვალები გათეთრებული აქვს. ასეთ მდგომარეობას კი, შეიძლება შეტევა მოჰყვეს.
„დღეს შენი აბი ჯერ არ მიგიღია, ნათი“
– საბრალო გოგონა.
ჟანა: კი. (ამოიოხრა.) 22 წლისაა, მაგრამ, საერთოდ არ ეტყობა, დიდი ბავშვი გეგონება. ნათიამ არ იცის წერა-კითხვა. თვითონ კი იცმევს, მაგრამ, შეიძლება ზედატანი ქურთუკზე ჩაიცვას. ჩვენ ვეხმარებით. ეპილეფსიის წამალს ყოველდღე ვასმევ. დიდად არ შველის, მაგრამ, რომ არ მივცე, უარესი დაემართება. თუ გაღიზიანებულია და ვერ იძინებს, დიაზეპამს ვაძლევ.
„ჯერ არ იმღერო, ნათი, ცოტა ხანს წავიკითხოთ“
ჟანა: აჩვენე დეიდას თითები.
ნათია: აჰა! (ხელები გამომიწოდა.) „ჰარალე-ე-ე, ჰარალე-ე-ე…“
ჟანა: მთელი თითები „ხორციანად“ აქვს შეჭმული. ფურაცილინს ვუსმევ, რომ შეუხორცდეს. ეგ არაფერი. პამპერსს ვერ ვყიდულობ, არადა, ძალიან გვჭირდება. დღისითაც და ღამითაც. ახლა, საწოლში ცელოფანი მაქვს ჩაფენილი. იფსამს. დღისითაც. მერე ნერვიულობს, შეიძლება სველი თეთრეული დახიოს ან ტანი დაიფხაჭნოს.
– ბავშვობიდან ავად არის ნათია?
ჟანა: სულ ციცქნა იყო, დედამ რომ მიატოვა. ცოლად შვილიან კაცს გავყევი, ჩემს გურამის. ისიც ჩემი შვილიკო გახდა, ერთად გავზარდეთ. და კიდევ ხუთი შვილი გვეყოლა: ნიკოლოზი, გიორგი, გელა, ბარბარე, გაბრიელი.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
ჟანა: ერთად მუშაობდნენ ჩვენი დედები, ვაჭრობდნენ. ის მომეწონა. არ იყო მსმელი, ნარკომანი, გამწვანების სამსახურში მუშაობდა. სხვათა შორის, ეს ჩემი დედამთილის სახლია. უკვე თითქმის 20 წელია, რაც აქ ვცხოვრობთ.
– ანუ, ეს სახლი თავიდანვე ნანახი გქონდათ? მაგრამ, გაჭირვებამ არ შეგაშინათ?
ჟანა: და მე რა, მინისტრის შვილი ვიყავი? თავადაც გაჭირვებაში გავიზარდე. მამა ხელოსანი მყავდა, უბრალოდ ვცხოვრობდით. ოცნება – ფუფუნებაა. სხვანაირად ცხოვრება მაინც არ გამოდის.
– ახლა თუ მუშაობს თქვენი მეუღლე?
ჟანა: საქმეც მაგაშია, რომ არა. მაგრამ, ეს მისი ბრალი სულაც არ არის. ორი წლის წინ, ხიდიდან გადმოვარდა. მუშაობის დროს შეემთხვა ასეთი უბედურება. ამის მერე, ხერხემალი ძალიან აწუხებს. ჯდომაც კი უჭირს, ზურგი უშეშდება.
მეც, თავადაც ხედავთ, როგორი გიჟური ცხოვრება მაქვს. მუშაობა კი არა, ბოდიში და, საპირფარეშოშიც კი არ შემიძლია მშვიდად შესვლა. მაშინვე მეძახიან: „დედა, ჩქარა, ნათიამ თვალები გადაატრიალა!.. გიო გადმოხტა, ფეხი იტკინა!“ თან ეზოც უსწორმასწორო არის, სულ რაღაც ხდება… დედაჩემი კიბიდან გადმოვარდა და მხარი მოიტეხა. ძლივს სწევს ხელს მაღლა. ერთხელ წაიქცა და ყურადღება არ მიაქცია, ის ტრავმის ადგილი კი, გაუმაგრდა და სიმსივნეში გადაიზარდა. ფეხის ზემოთ, აი, ამხელაზე მოუწიათ მოკვეთა.
მთელი ეზო სავსეა ორმოებით და თხრილებით, ასფალტი სულ დაიბზარა
ბარბარე (8 წლის) ყურში მეჩურჩულება: ბებოს იქ სტკივა, უკან.
ჟანა: ჩვენ როგორებიც ვართ, ისეთივე ნათესავები გვყავს. რაზე ვეწუწუნოთ ვინმეს?
– სოციალურ სასადილოში დადიხართ? როგორც შეჭირვებულ ოჯახს, ხომ გეკუთვნით?
გაბრიელი: ფუ-უ-უ, შენ თვითონ იარე იქ! (კრუსუნებს.)
ჟანა: მოიცადე, რა. (აჩუმებს გაბრიელს.) იქ მხოლოდ პურს ვიღებთ. ბავშვები ვერ მიეჩვივნენ იმ საჭმლის ჭამას. რამდენჯერაც წავიყვანე, არ მოეწონათ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ ვარგა.
გაბრიელი: მე კი, ვიტყვი! არ ვარგა, უგემურია!
– მოდი, შენ გაგესაუბრები, კარგი, გაბრიელ?
გაბრიელი: მხოლოდ ვილაპარაკებთ, თუ მერე საჭმელსაც მომიტან?
– ძალიან მინდა, საჭმელი რომ გქონდეს, ამიტომაც მოვედი.
გაბრიელი: კიდევ, პულტიანი მანქანა, შოკოლადი და მობილური ტელეფონი მინდა. სათამაშოები რაც მაქვს, ყველა „შემთხვევითია“.
– ეს როგორ?
გაბრიელი: ზოგი ქუჩაში ვიპოვე, ზოგი ვიღაცამ მომცა. აი, იმ კატას ხედავ? უცნობმა დეიდამ დამიძახა, ასე მკითხა: „ვისი ხარ, ბიჭუნაო?“ თავზე ხელი გადამისვა და მომცა. რაგბის ბურთი მეზობელმა მომცა. ეგ ბურთი უკვე ძველია და მას აღარ სჭირდებოდა. სროლაც ვიცი, და სარაგბო ილეთებიც. ქუჩაში ვუყურებდი და ვისწავლე. აბა, შემომხედე! ჰოპ! (ისვრის.) ნუ გეშინია, შენ არ მოგახვედრებ.
„კიდე ასეთი თამაში ვიცი – ამ რაღაცაზე თავდაყირა ვეკიდები. მოგწონს?“
„ უკვე ვისწავლე შეშის დაჩეხვა. მაგრამ, მერე ძალიან მშივდება ხოლმე.“
იცი, რისთვის მჭირდება მობილური? იქიდან შეიძლება ტიკ-ტოკში შესვლა. საინტერესო რაღაცეების ყურება. იქ მხიარულებაა, ჩვენთან სახლში კი, ყოველთვის მოწყენილობა არის და ბნელა. საჭმელიც კი არ გვაქვს. უნდა მოასწრო ჭამა, როდესაც საჭმელი არის, თორემ მერე, შეიძლება გაქრეს.
– რანაირად?
გაბრიელი: ნათიას შეუძლია მთელი ქვაბი შეჭამოს. მას ხომ არ ესმის. ღამით ლოგინიდან დგება და საჭმელს იპარავს. ჩემი და კი არის, მაგრამ, მაინც…
– ოჰ რა ძნელია. არც კი ვიცი, რა გითხრა, მეგობარო. ბავშვებო, დაფიქრდით და მითხარით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
გელა: ბიჭებს, აუცილებლად გვინდა შარვლები და ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი დიდი ხანია დამეხა, „ვალინკებით“ დავდივარ. დედა მეუბნება: „ვალინკები“ შარვლის ქვეშ ჩაიცვი და ვერავინ ვერ შეამჩნევს“. არაფერიც! სკოლაში ისე მიყურებენ, ჩემთვის ჩუმად ვბრაზდები კიდეც. მომჩერებიან და მაკვირდებიან. ჩემს ტანსაცმელსაც. ძალიან არ მსიამოვნებს.
ჟანა (გულდაწყვეტით): სამაგიეროდ, კარგად სწავლობ, შვილო. შეგიძლია, ამით იამაყო.
ფანჯარასთან ერთი ნათელი ზოლია. გაკვეთილის წაკითხვა მხოლოდ აქ არის შესაძლებელი
გელა: რა აზრი აქვს, სურვილები მაინც არ ამიხდება.
ჟანა: ოდესღაც შევპირდი: კარგად თუ ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითქო. ჩემი ბიჭი მხოლოდ 9 და 10 ქულას იღებს, ყველაფერს აკეთებს. მაგიდის კუთხეს გაანთავისუფლებს ხოლმე, დაჯდება და წერს ამ სიბნელეში. შეხედეთ, რა ნაწერი აქვს. მე კი… (თავი შეატრიალა, რომ არ ატირდეს.)
გელა: 6 წლის რომ ვიყავი, დიდების ველოსიპედებით ვსწავლობდი სიარულს. საკუთარი ველოსიპედი მქონდა, ისეთი „საკაიფო“ იყო! ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ვსეირნობდი. მერე კი, გამიფუჭდა. შეკეთების ფული არ გვქონდა. დაჟანგდა ასე. რამდენჯერ ვინატრე ველოსიპედი, სურვილი არც ერთხელ არ ამიხდა. არ ვიცი, თქვენ გითხრათ? თუ ახლაც არაფერი არ გამოვა?
– აუცილებლად უნდა გვითხრა!
ჟანა: გელა ადრე სტიქაროსნად მსახურობდა სამების ტაძარში. სანთლის ნამწვავებს აგროვებდა, სეფის კვერებს აცხობდა. იქ ასწავლეს. ახლაც დადის, შაბათ-კვირას.
– თქვენ მორწმუნე ხართ, ჟანა?
ჟანა: ლოცვით ვიძინებ. ღმერთს ჩემი ოჯახის დაცვას ვევედრები გაჭირვებისგან და სნეულებისგან, ვთხოვ, ხვალინდელი დღისთვის ლუკმა პური რომ მოგვცეს. უფალი მაძლიერებს.
ბარბარე (გვერდიდან მომეპარა): შეიძლება, ერთი წუთით, რაღაც რომ გითხრა? (ხელით მანიშნებს, მეორე ოთახში რომ გავყვე.)
გოგოს ტანსაცმელზე ვერ მოვასწარი თქმა. კაბა და “ზედები“ “ჩამიწერე”, გთხოვ. დედას კი, კოლგოტი სჭირდება. მაგისი სულ დაძველდა, იცი? და კიდევ, ნათიასთვის დიდი ტანსაცმელი, ის ხომ დედიკოზე დიდია. და ტანსაცმელი არ აქვს. ყველას შეგვიძლია ჩვენს თავზე რომ გითხრათ, იმას კი – არა.
გულით მოგინდება, ეს საოცარი გოგონა, ლამაზ კაბაში რომ გამოაწყო, და ლამაზი თმისამაგრები რომ აჩუქო. ხომ შეგვიძლია, ეს პატარა „გოგოშკური“ ბედნიერება ვაჩუქოთ, რომელიც ბარბარეს არ გააჩნია
– ჩემო მერცხალო! რაიმე წრეზე თუ დადიხარ?
ბარბარე: არა, ქართული ცეკვიდან გამოვედი. იქ, ფორმების ყიდვა მოგვთხოვეს. წრე უფასოა, ფორმები კი – ფასიანი. ნიკომ ჩონგურის დაკვრას დაანება თავი, იმიტომ, რომ სახლში ვარჯიში სჭირდება, მას კი, ინსტრუმენტი არ აქვს. ჰაერში ხომ არ დაუკრავს თავის ნოტებს? (იცინის.)
– ვისთან უფრო კარგად გამოგდის მეგობრობა – ბიჭებთან, თუ გოგონებთან?
ბარბარე: ყველასთან. სხვადასხვანაირი მეგობრები მყავს. არიან ისეთი ბავშვებიც, ვისაც ბებო ჩვენთან მეგობრობას უკრძალავს. და ცუდად გვიყურებს. მაგრამ ასეთები, ვისაც ბოროტი ბებო ჰყავს, ცოტანი არიან. კარგი, წამოდი დედასთან.
ჟანა: ძალიან ვუფრთხილდებით ყველაფერს, რაც ფონდმა ადრე გვაჩუქა. ჩვენი გაზქურაც კარგად მუშაობს, სარეცხი მანქანაც და მაცივარიც. ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ, თქვენს დახმარებას. ოდესმე დამავიწყდება ბარათიანი საჩუქრები? უცნობმა ბავშვებმა ჩემს შვილებს სათამაშოები გამოუგზავნეს, პატარა წერილებით. „მთელი გულით გჩუქნი ამ სათამაშოს. ბედნიერებას გისურვებ!“ (ტირის.) თქვენი ზარი რომ გაისმა, სიხარულისგან ავტირდი. როგორ მიხვდით, რომ ცუდ დღეში ვიყავით?!
„უფალი ჩვენთანა არის. ის მაძლიერებს“
„კარგი რა, შვილო, დაგვეხმარებიან, მოიფიქრებენ რამეს“
– კარგი, დამშვიდდით, ჟანა. მითხარით, ახლა რა გჭირდებათ, გარდა იმისა, რაც ბავშვებმა ჩამოთვალეს?
ჟანა: ნათიასთვის მისი ზომის პამპერსს გთხოვთ. ჰიგიენურ საშუალებებს, სარეცხ ფხვნილს, შამპუნს, საპონს. ერთ მყარ საწოლს, ნათიასთვის. ზამბარებიან საწოლზე სძინავს, რომელიც დიდი ხანია ჩავარდა. იმ ოთახში, ლინოლეუმიც სულ დამპალია.
ღმერთმა ქნას, როდესმე ნორმალურ სახლში გვესტუმროთ, და არა, ამ სოროში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი კეთილი საქმეებისთვის.
ნათია: მიდიხარ? ჩახუტება უნდა!
– მოდი!
ბარბარე: მეც!
გაბრიელი: მეც!
ჟანა: ჩვენთან კიდევ მოვლენ. ხომ მოხვალთ? (ცრემლნარევი ღიმილით.)
***
თვალწინ მიდგანან ეს ბავშვები. დიდი და გულკეთილი ნათია, რომელიც მთელი დღე მღერის. ფისოსავით თბილი და კრუტუნა ბარბარე. შიმშილისგან მტირალი გაბრიელი. ამაყი ათოსანი გელა, რომელსაც თავის „ვალინკების“ რცხვენია. უფროსი ძმები – გიო, ნიკოლოზი… და ეს კატასტროფული სახლი, რომელიც სადაცაა წაიქცევა.
თქვენ გაქვთ მათი პირადად გაცნობის შესაძლებლობა. გახდით მათი ბედნიერების მომტანი ანგელოზი. დაე, ამ ბნელ ქოხში იმედის სხივი გაბრწყინდეს და სწორედ თქვენ აანთოთ ის!
ხოსიაშვილების ოჯახი ცხოვრობს თბილისში: ჩუღურეთის რაიონი, გედევანიშვილის ქ. ბინა 2
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხოსიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!