„როდესაც ექვსივე ერთხმად იწყებს ბარტყებივით ჟივჟივს, ჭამა გვინდაო, გული მიკვდება. მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – მათი დაპურება! სულ ეს არის! სხვა რამეზე ოცნებას ვერც კი ვბედავ… ჩვენ უბრალოდ ჭამა გვინდა.“
რთულია, მშიერ ბავშვებზე წერა, როდესაც ყველა სახლში სადღესასწაულო მზადებაა, იშლება სუფრები, საჭმელი უხვადაა… შეიძლება ყველაფერი არც კი შეიჭამოს, ბევრი რაღაც გადაიყრება კიდეც… შენ კი, ამ დროს ზიხარ და იმ ოჯახზე წერ, რომელშიც ექვსი ბავშვი ცუდად იკვებება, ძველმანებში გამოწყობილი დადის და მათი ყველაზე მთავარი ოცნებაა – ჭამით გული იჯერონ. „დღეს პურის ზედმეტი ნაჭერი რომ მივირთვათ, ხვალ შიმშილი ხომ არ მოგვიწევს?“ – ეს არის მათი მთავარი პრობლემა.