„ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც…“ – 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას – „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ – შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი – მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“