ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.