– ჟანა, კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი უკვე წავიკითხე შენს ლამაზ და დიდრონ თვალებში… მოწყენილი ხარ?..
ჟანა: დიახ, ძალიან მოვიწყინე…
– იქნებ დაგეხმარო, თუ გამანდობ, რა ხდება შენს გულში?
ჟანა: დედიკო სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები ველოსიპედს გიყიდიო. აი, გავიზარდე, მაგრამ ველოსიპედი მაინც არ მაქვს… მალე სკოლაში წავალ და ველოსიპედის ტარებაც კი არ ვიცი… არც სათამაშოები მაქვს, რომ გავერთო.
– დედიკოს ძალიან უნდა, რომ ყველა სურვილი აგისრულოს, მაგრამ ჯერჯერობით, ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ, დედიკო ისეთი კეთილია და კარგი, რომ რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს და გაგახარებს…
ჟანა: ჩემი დედიკო ყველაზე კარგია, მაგრამ ვიცი საშუალება არ აქვს, შვიდი ბავშვის სურვილები რომ აასრულოს… ამიტომ, დედიკოც მოწყენილია ხოლმე, მეც მოწყენილი ვარ და ჩემი და-ძმებიც…
– რა საჩუქარი გაგიხარდება ყველაზე მეტად?
ჟანა: გოგოს ველოსიპედი, ვარდისფერი ან იასამნისფერი… კიდე-ე-ე-ვ… ის, ყველანი ბედნიერები რომ ვიქნებით ჩვენს სახლში…
– ჟანა, რა არის ბედნიერება?
ჯანა: ბედნიერება არის, როდესაც არავის შია. კიდე-ე-ე-ვ… სახლში რომ არ ცივა …
– ჟანა, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც შენს გაბედნიერებას შეძლებს…