ბავშვების ახდენილი სურვილები

შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
მერაბი: გახსოვს, შენ არ მიჯერებდი, რომ არსებობს ისეთი მანქანები ბავშვებისთვის, რომლებშიც შეგიძლია ჩაჯდე. აი თუ არ არსებობს! არსებობს! ნახე როგორ ვეტევი!
- მეც ჩამსვამ?
მერაბი: გაგიჟდი? შენ არ ჩაეტევი! შენ ხო გყავს მანქანა, ხოდა, იმაში ჩაჯექი. ჩემ ძმასაც არ ჩავსვამ შიგნით! ნუუ, ცოტა პატარა რომ იყოს კი ვათხოვებდი, მაგრამ კიდევ კარგი რომ დიდია და არ ჩაეტევა. ხოდა ეს მანქანა მხოლოდ ჩემია!
- იცი, ეს ოცნება რომ აგსრულებოდა 27 კეთილმა ადამიანმა ერთად შეკრიბა ფული ამ მანქანის საყიდლად.
მერაბი: აი როცა გავიზრდები, და ჩემი ნაღდი მანქანა მეყოლება, ყველას გავასეირნებ. აქ მართლა ვერ ჩაეტევიან.

ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!
- შეგიძლია მომიყვე შენს ემოციებზე, პლანშეტი რომ მიიღე საჩუქრად?
თამარი: კინაღამ მოვკვდი სიხარულისგან! მართლა! ვერ დავიჯერე. შეფუთვას რომ ვხსნიდი, მეგონა, შიგნით სხვა რამე იქნებოდა.
- მაგალითად, რა?
თამარი: შოკოლადები ან ფანქრები... მაგრამ, პლანშეტს ნამდვილად არ ველოდი! ისე მიხარია, ღამით ვერ ვიძინებ! მინდა სიხარულისგან ვიყვირო და ყველას ვუთხრა, რა ბედნიერი ვარ.
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც შენი სანუკვარი სურვილი აასრულა?
თამარი: ძალიან მინდა ვიცოდე ყველას სახელი, ვინც მაჩუქა ასეთი საჩუქარი! ძალიან მინდა, ყველას რომ ჩავეხუტო! რომ გავიზრდები და მეც მექნება ფული, მარტო ჩემი შვილების კი არა, ყველა ღარიბის ოცნებებს ავასრულებ.

ღმერთო! შენ შეისმინე ჩემი ლოცვები!
ნათია: მოიცა! ახლა ათამდე დავითვლი, მერე კი, მიჩქმიტე! სიზმარში ხომ არ ვარ? ეს სინამდვილეა? ხომ არ გამეღვიძება ახლა? იცი რამდენჯერ მიოცნებია ამაზე? ეს ხომ, უბრალოდ შეუძლებელია!
-ნათია, ასეთ პლანშეტზე ოცნებობდი?
ნათია: კი! ღმერთო! ძალიან მაგარია! აღარ ვიცი, რა ვთქვა. ყველა სიტყვა ამერია თავში!
- რას ეტყოდი კეთილ ადამიანებს, რომლებმაც შენი სურვილი გაიგეს და ასეთი პლანშეტი გაჩუქეს?
ნათია: ყველას ვაკოცებდი! არ ვიცი, ალბათ ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი! ვეტყოდი, რომ ისინი ყველაზე კეთილი ადამიანები არიან საქართველოში. არა, მთელ პლანეტაზე! და კიდევ, რომ გავიზრდები, სხვა ბავშვებს ავუსრულებ სურვილებს! მოკლედ, ახლა წავედი, გავერკვევი და ჩემს მეგობრებს დავურეკე!

ბიჭს, რომელიც ვერ დადის, ახლა, ბედნიერებისგან ფრენა შეუძლია!
ბექა: იცი, ჩემნაირ ბავშვებს ბევრი სურვილი არ აქვთ! ვერ ვიოცნებებ ველოსიპედზე, ფეხბურთის სათამაშო სპორტულ ფორმაზე. სიარული არ შემიძლია, სკამზეც კი ვერ ვჯდები. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო კომპიუტერი ან პლანშეტი. მაგრამ იცით, პლანშეტი ჯობია, შემიძლია დავწვე და ისე ვუყურო.

მიჩქმიტეთ, მგონი, სიზმარში ვარ!
შალვა: რა დევს ამ ყუთში? არ მჯერა... ახლა მე გავიქცევი, მერე „მოვიქცევი“ და ისევ თუ მომცემ ამ ყუთს, ესე იგი, არ მძინავს. ღმერთო! არ მჯერა. და არასოდეს დავიჯერებ, რომ ეს პლანშეტი ჩემია! ასე არ ხდება! ახლა, ბედნიერებისგან მოვკვდები!
- კარგი, გახსენი, რას ელოდები?
შალვა: მოიცა, ახლა ჩემს საჩუქარს უნდა ვაკოცო! აი, ასე მაგრად ჩავკოცნიდი ყველას, ვინც მიყიდა. ღმერთო! არ მჯერა... ახლა მთელ სოფელში ყველაზე მაგარი პლანშეტი მექნება. მოდით, თქვენ მაინც ჩაგეხუტოთ და გაკოცოთ, თქვენ კი, ყველას გადაეცით!
- არც მე ვიცნობ მათ.
შალვა: და როგორ აჩუქეს სრულიად უცნობმა ადამიანებმა ასეთი ძვირფასი საჩუქარი სრულიად უცნობ ბიჭს? არ ვიცი! ახლა, ნამდვილად მჯერა სასწაულების!

მიჩქმიტე და მითხარი, რომ ეს სიზმარი არ არის!
მას შემდეგ, რაც გიამბეთ პატარა გაგაზე, რომელიც ხის ფიცარზე ფანქრით ხატავდა ღილაკებს და წარმოედგინა, რომ ეს პლანშეტი იყო, ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარებოდა, რომ თქვენ აასრულებდით მის სურვილს. და აი, სასწაულიც მოხდა: საოცნებო პლანშეტი ყველაზე ბედნიერი ქართველი ბიჭუნას ხელთაა! გაგამ დიდხანს ვერ ამოიღო ხმა. მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „ახლა გავიღვიძებ, ახლა ვიტირებ, არ მჯერა, არ მინდა, ახლა რომ გამეღვიძოს“.
მის ნაცვლად მადლობას ჩვენ გეუბნებით - ადამიანები, ვინც ნახა გაგას თვალები, რომელიც უყურებდა ნამდვილ სასწაულს. თურმე, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ასეთმა პატარა ნივთმა!

გიორგის მთავარი ოცნება აუსრულდა
გიორგი: დედიკო ცოცხალი რომ იყოს, ვაჩვენებდი როგორი საჩუქარი მომიტანეთ. ამ პლანშეტს ვაჩვენებდი! ვასწავლიდი მასზე როგორ უნდა მოეძებნა მულტფილმები.
- საშობაოდ რას ისურვებდი საჩუქრად?
გიორგი: აი, სულ რომ პლანშეტში არ ვიყო დაკარგული, ერთ ველოსიპედს ვისურვებდი და სპორტულ ფორმას.

რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
სოფია: დედა 22 სექტემბერს გარდაიცვალა. გახსოვთ, როგორ იტანჯებოდა, როგორ სტკიოდა ყველაფერი. ვიცოდი, რომ საშინელი დაავადება სჭირდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ შევძლებდი მის განკურნებას! მე ხომ, ისე კარგად ვუვლიდი. მაგრამ დედა ჩვენთან აღარ არის, ის ზეცაშია და ვიცი, ლოცულობს ჩვენთვის. იცით, მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და გაგვამხნევა? სრულიად უცნობები! ყველაზე დასამახსოვრებელი კი, ჩემთვის იყო დაბადების დღის საჩუქარი ფონდისგან! ისეთი ბედნიერი ვარ! ტელეფონზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი! ახლა კი, ხელში მიჭირავს. და ის ვიღაცის კი არა, ჩემია! სულ ახალი და ლამაზი! ძალიან დიდი მადლობა!

თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!
თამარა: მე პლანშეტი მაქვს! არც ვიცი, ვის ჩავეხუტო და ვაკოცო მადლობის ნიშნად! მადლობა ვის ვუთხრა?! მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ დედასთან ერთად ვილოცებ მათთვის! ნახეთ, თურმე ღმერთს მართლაც ყველა ლოცვა ესმის! სკოლისთვის რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები მომიტანეს - ბევრი ლამაზი ნივთი, რომელიც არასდროს მქონია. მიყვარხართ, ხალხო! მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, მინდა, იმდენი ფული მქონდეს, ბავშვები რომ გავახარო!

გგონიათ, როდესმე დამავიწყდება ასეთი საჩუქარი? არასოდეს ცხოვრებაში!
„რა მაგარია! ეს ხომ ტელეფონიც არის, წიგნიც, „დასახტავიც“, კომპიც და ტელევიზორიც... ჩემს მაგივრად, მხოლოდ სკოლაში ვერ ივლის, ისე კი, მგონი, ყველაზე ჭკვიანი ნივთია კოსმოსში! აი, კოსმოსში თუ გავფრინდი - მე კი აუცილებლად გავფრინდები, იქიდან ყველას მადლობას გეტყვით! გგონიათ, როდესმე დამავიწყდება ასეთი საჩუქარი? არასოდეს ცხოვრებაში!“

იცით, ბედნიერებისგანაც შეიძლება ტირილი!
სოფო: ლამაზი, ახალი ტანსაცმლის მთელი გორა და ეს ყველაფერი ჩემთვის არის! არასდროს მქონია ახალი ტანსაცმელი! აი ისეთი, მაღაზიაში რომ ყიდულობენ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, მქონოდა ლამაზი კაბა და სკოლის ჩანთა. რა სილამაზეა!
- შენს მეგობრებს თუ მოეწონათ შენი ახალი ტანსაცმელი?
სოფო: თან როგორ! მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც მე მომეწონა. ჩავიცვამ ხოლმე, და სარკის წინ ვტრიალებ, ვიპრანჭები. დედა ამბობს, რომ ულამაზესი ვარ, ძმები კი იცინიან და მეუბნებიან, რომ მატრაკვეცა ვარ.
- სულაც არ ხარ მატრაკვეცა, მართლა ულამაზესი ხარ.
სოფო: მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ. იცი, ეს საჩუქრები რომ დავინახე, ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა. თურმე სიხარულისგანაც შეიძლება ტირილი

დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
„ქალბატონებო და ბატონებო, ახლა, თქვენს წინაშე წარსდგება ყველაზე ლამაზი დედა-შვილი! ნახეთ, რა სილამაზეა, მოდით, ახლა გამოვიპრანჭებით, თქვენ კი სურათი გადაგვიღეთ და აჩვენეთ ყველას, ვინც დაგვეხმარა! დიდი მადლობა გადაეცით ყველას! არა-ა-ა, დიდი კი არა, უ-უ-დიდე-ე-ესი, ცამდე! არა, მთვარემდე!“
დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
|