11 წლის გიორგი ჯანაშია თავის ტვინის ჰიდროცეფალიით არის დაავადებული. ეს უმძიმესი სენია, რომელსაც მრავალი გართულება ახასიათებს, მათ შორის გონებრივი ჩამორჩენილობაც. მოზარდს სმენა პრაქტიკულად დაქვეითებული აქვს, არ რეაგირებს გარე ფაქტორებზე, გამუდმებით ბორგავს და ადგილს ვერ პოულობს, ვერ ლაპარაკობს, მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოსცემს როდესაც რაღაც აწუხებს.
მისი სიცოცხლის შენარჩუნება ხდება თავის ტვინის პერიტონეალური შუნტის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი დაიღუპება.
„გიორგის მარტო დატოვება ერთი წამითაც კი არ შეიძლება, რამეთუ თავს დაიზიანებს… განსაკუთრებით ღამის საათებში ეწყება შეტევები. მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უმსუბუქებენ მდგომარეობას და აძლევენ 2 საათით დაძინების საშუალებას…როდესაც უნდა რომ რაღაც გამაგებინოს, სახეში ირტყამს მთელი ძალით…“, – ამბობს გიორგის დედა თამარ კაკაშვილი.
მისი თქმით, მშობიარობის დროს ექიმებს ახალშობილი ხელიდან გაუვარდათ და ბავშვმა მიიღო თავის ტვინის ტრავმა. ასე რომ ჰიდროცეფალია არის შეძენილი და არა თანდაყოლილი. სამედიცინო პერსონალის დაუდევრობამ ტრაგიკული გავლენა იქონია და სამუდამოდ დაუსახიჩრა გიორგის სიცოცხლე.
თამარ კაკაშვილი მარტო უვლის ავადმყოფ შვილს. როდესაც ბავშვი 2 წლის იყო, დედამ გაყიდა სახლი და აღებული თანხა გიორგის მკურნალობას მოახმარა. შესაძლოა, დღეს მოზარდი სწორედ რომ ამ მკურნალობის წყალობით ცოცხლობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.
საიდან უნდა მოიტანოს მარტოხელა დედამ ბავშვის სამკურნალო თანხა, როდესაც მათ ხშირად წამლის და პურის ფული არ აქვთ?! სოციალური შემწეობის 200 ლარი და 180 ლარის ოდენობის პენსია – ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გააჩნიათ. კიდევ კარგი, ქალაქის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ საცხოვრებელი ფართი უქირავა, თორემ ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ.
„მე ვიცი, რომ ჩემი შვილი არასდროს იქნება ისეთი, როგორც სხვები, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ უფლის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით მისი მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესდება… ძალიან მიჭირს სულიერად და მატერიალურად, ხშირად ვტირი და ღმერთს შევსთხოვ, რომ შეგვიმსუბუქოს ეს მძიმე ყოფა…“, – ამბობს თამარ კაკაშვილი.
მეგობრებო, გიორგი ჩვენს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, რამეთუ მის ოჯახს ძალიან უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი და ვანუგეშოთ მისი სასოწარკვეთილი დედა! გიორგის ესაჭიროება მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. მართალია, მას არ ესმის მისი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის?!
გიორგის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ჯანაშია) ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/344-janashia/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!