24 წლის მარიამ მიქუტიშვილი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მამამ ოჯახი 2 წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ არც ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით. მისი შვილები პრაქტიკულად შიმშილობენ, არასდროს უჭამიათ ხორცი, მოკლებულნი არიან ელემენტარულ ბავშვურ სიხარულს, მაგალითად, სათამაშოებს. სახლს, რომელშიც ეს ოჯახი ცხოვრობს მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სახლი“. ეს ძველი და დანგრევის პირას მისული ბარაკის ტიპის შენობა ნებისმიერ დროს შესაძლოა ჩამოიქცეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შენობაში არ არის წყალი, გაზი, სველი წერტილები.
მარიამი იმყოფება სასოწარკვეთაში. ნერვიულობის ნიადაგზე მას ნევროზი დაემართა, აწუხებს გულის ტკივილი და არითმია. ამასწინათ მან ჩვენს ფონდს დახმარებით მიმართა, ჩვენ კი დაუყონებლივ მოვინახულეთ ეს ოჯახი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში და ვესაუბრეთ მარიამს:
-მარიამ, მამა არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში?
მარიამი: მან 2 წლის წინ მიგვატოვა. მაშინ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. მას შემდეგ არ მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, არ აინტერესებს შვილების მდგომარეობა…
-ალბათ, რომ გათხოვდით, ვერც კი წარმოგედგინათ, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები თქვენს ოჯახში…
მარიამი: მე ოზურგეთში გავთხოვდი, მეუღლის სახლში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე. როდესაც 6 წლის წინ დაიბადა ოთარი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყობოდა…
-მისი მშობლები არ გეხმარებოდნენ?
მარიამი: მას დედა არ ყავდა, მამა კი არ მეხმარებოდა, მეუბნებოდა, რომ მომეთმინა და მეც ვითმენდი. როდესაც მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მიხდებოდა სიმძიმეების აწევა: მომქონდა წყალი, შეშა…. ამას ემატებოდა განუწყვეტლივ დაძაბულობაში და შიშში ყოფნა. შედეგად, ბავშვი დღენაკლული დაიბადა და მალევე გარდაიცვალა.
– მესამე შვილი სად დაიბადა?
მარიამი: როდესაც მესამეჯერ გავხდი ორსული, გადავწყვიტე მშობლებთან დაბრუნება, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში. ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვი არ დაბადებულიყო ავადმყოფი, რადგან საშინელ პირობებში მიხდებოდა ცხოვრება. აქ კი მშობლები მივლიდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. რომ დავრჩენილიყავი მეუღლესთან იმ აუტანელ პირობებში და სისტემატურ სტრესში, ბავშვი არ დაიბადებოდა ჯანმრთელი. ასე რომ, ლიდია ხოვლეში დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი გოგონა.
-გვიამბეთ თქვენი მშობლების შესახებ…
მარიამი: დედა და მამა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. ახლო ნათესავები არ მყავს. ერთი ბიძა მყავდა და ისიც გარდაიცვალა. დედაჩემი 56 წლისაა, მაგრამ ავადმყოფობის გამო შრომისუუნაროა, მას ფეხები ტკივა და საშინელი ტკივილები აქვს. მამა 64 წლისაა, კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა. სამწუხაროდ, ისიც ავად გახდა. რამდენიმე წლის წინ მას კუჭის წყლული გაუსკდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შესძლო და ფაქტიურად ისიც შრომისუუნაროა.
-სახლი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ძალიან ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებია. როგორ ახერხებთ აქ ცხოვრებას?
მარიამი: ეს სახლი 40 წლის წინ ააშენეს და ახლა, ასე ვთქვათ, მწყობრიდანაა გამოსული. არ გვაქვს ფინანსური საშუალება, რომ ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები. იატაკი არის ბეტონის, კედლები არ არის გალესილი. შარშან ერთი კედელი ჩამოინგრა და კინაღამ მოიყოლა ბავშვი, მადლობა უფალს, რომ ჩემი შვილი დღეს ცოცხალია.
-თქვენ შეაკეთეთ დანგრეული კედელი?
მარიამი: ჩვენ ვერ გავწვდებოდით. მეზობლები დაგვეხმარნენ. ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ისინი არ არიან შეძლებულები, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი ადამიანები არიან და გვეხმარებიან. მაგალითად, გენადი ბახტაძე ძალიან გვეხმარება. ამასწინათ, ცოტა შეშაც გვაჩუქა… გაზი არ გვაქვს და სადილს ვაკეთებთ შეშის ღუმელზე. არც წყალი გვაქვს შემოყვანილი. ეს ფული ჯდება და ამის საშუალება არ არის.
-რაზე გეხარჯებათ სოციალური შემწეობის თანხა?
მარიამი: 340 ლარს ვიღებთ 5 სულზე. ნაწილი მამაჩემის წამლებზე გვეხარჯება, მის გარეშე ვერ იცოცხლებს, მეორე ნაწილით კი პროდუქტებს ვყიდულობთ. ჩვენი ძირითადი საჭმელია კარტოფილი, ვერმიშელი, წყალწყალა სუპი, ბავშვებს ხორცი არასდროს უჭამიათ, ნაყინი კი მათთვის დიდი ფუფუნებაა. ერთხელ უფროსი ბიჭი მეკითხება: „დედიკო. ხორცი რა არის?“. მოკლედ, ძალიან გვიჭირს არსებობა, სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი. წავიდოდი და ვიმუშავებდი, მაგრამ პატარა შვილს მოვლა სჭირდება და გარდა ამისა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, განსაკუთრებით გული მაწუხებს.
-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
მარიამი: არა, არ გვეხმარება. მივმართე გამგეობას, მაგრამ მითხრეს, რომ რახან სოციალურს ვიღებთ, სხვა სახის დახმარება არ გვეკუთვნის.
-ნანობთ, რომ თქვენს მეუღლეს გაყევით?
მარიამი: აბა რა გითხრათ? ერთხელ დავუშვი შეცდომა და მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო. იცით, საქმე ჩემში არ არის. მთავარია, რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელნი, არ იშიმშილონ და კარგი ადამიანები დადგნენ. თუმცა ბავშვები გრძნობენ „მამის ნაკლებობას“, იმას კი ერთხელაც არ უყიდია ნაყინი, რომ არაფერი ვთქვათ ზრუნვაზე …
-მარიამ, გასაგებია, რომ ძალიან გიჭირთ ცხოვრების ამ ეტაპზე. გვითხარით, მიუხედავად ყველაფრისა, გაქვთ იმედი, რომ გამოხვალთ ამ მძიმე ვითარებიდან?
მარიამი: ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, მომწერა თუ არა თქვენთვის და ბოლოს გავრისკე. მჯერა, რომ თქვენი მკითხველები გულთან ახლოს მიიტანენ ჩემი შვილების გასაჭირს და დაეხმარებიან მათ. მე მწამს, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს და ჩვენც გვეღირსება ნორმალური ცხოვრება. წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ქველმოქმედს, ვინც ჩვენ ამოგვიდგება გვერდში. დალოცვილი ყოფილიყავით!
მეგობრებო, მარიამ მიქუტიშვილს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, ვიხსნათ ისინი სიღარიბის ტყვეობიდან.
მათ ესაჭიროებათ: საკვები პროდუქტები, წამლები, მაცივარი, სარეცხი მანქანა, საწოლი, თეთრეული, ჭურჭელი, ტელევიზორი, ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები…
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ.
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მიქუტიშვილიების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge.
მეგობრებო, თქვენ ჩვენი „სამისამართო პროექტის“ მამოძრავებელი ძალა ხართ. თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ დახმარება უფრო და უფრო მეტ ადამიანს!
დედიკო, ხორცი რა არის?
თქვენ ალბათ გახსოვთ მიქუტიშვილის ოჯახი, ბავშვებს მათ ცხოვრებაში სრულფასოვნად არ უსადილიათ, არასოდეს უგემიათ ტკბილეული და არ იცოდნენ რას ნიშნავს გრძნობდე ბავშვურ ხალისს სათამაშოებით თამაშის დროს. თქვენი დახმარება ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათთვის შევიძინეთ საკვები პროდუქტები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დედას ყველაზე მეტად გაუხარდა სარეცხის მანქანა, ხოლო ბავშვებს ბევრი ტკბილეული. -მარიამ, როდესაც ჩვენ დაგირეკეთ და გკითხეთ, თუ რა გესაჭიროებოდათ პირველ რიგში, თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე და განსაკუთრებით ტკბილეულზე, რატომ? მარიამი: იმ დროს, როდესაც დამირეკეთ, იმდენად დავიბენი, რომ სათამაშოების თხოვნაც დამავიწყდა. საქმე ისაა, რომ ჩემი ბავშვები მოკლებულნი არიან ტკბილეულს, და სულ ენატრებათ კანფეტები! ისინი მთხოვდნენ მეყიდა მათთვის კანფეტი, პეჩენია, ხოლო მე არანაირი საშუალება არ გამაჩნდა. -გიორგი, მოგვიყევი, რომელი საჩუქრები მოგეწონა ყველაზე მეტად? გიორგი (7 წლის): მე ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ დედა ვერ ყიდულობს ჩვენთვის და ამბობს, რომ ერთი შოკოლადი ღირს იმდენივე, რამდენიც ჩვენი მთელი დღის სამყოფი საჭმელი… მე კი ისე მიყვარს შოკოლადი! თქვენ რა პეჩენიებიც მოიტანეთ კი უგემრიელესია! -მარიამ, როდესაც ჩვენს ფონდს მიმართე დასახმარებლად გჯეროდათ, რომ უცნობი ადამიანები დაგეხმარებოდნენ? მარიამი: რა თქმა უნდა. თქვენი ფონდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია და ვიცი რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უანგარო სიკეთეს გასცემენ. -თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ ჩვენს მკითხველს, რას ეტყოდით? მარიამი: მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც დახმარების ხელი გამოუწოდა ჩემს ბავშვებს. თქვენ აჩუქეთ მას სიხარული, ხოლო ჩემს ოჯახს იმედი. მინდა, რომ უფალმა მოგცეთ ბედნიერება, თქვენს ოჯახებს კი ხვავი და ბარაქა არ მოაკლოს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: მიქუტიშვილის ოჯახი) საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/528-mikutadze/ ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!