რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
საჩუქრები სვანეთიდან! სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჩერნოვეცკის ფონდის პატარა ბენეფიციარებს ტანსაცმელი, სათამაშოები და სასკოლო ინვენტარი გამოუგზავნეს.
უფალმა დალოცოს ღვთისნიერი ბავშვები, მათი მშობლები და სკოლის დირექცია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა შეჭირვებული ოჯახების შვილების გაჭირვება. თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ!
ამ პატარა ანგელოზებს შეხედეთ, თავიანთი უცნობი მეგობრებისთვის რა გულმოდგინედ აგროვებენ ტანსაცმელს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა ნამდვილი „სიკეთის დღე“ მოაწყვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს პატარა ანგელოზები „ჩერნოვეცკის ფონდის“ გულშემატკივრები ყოფილან და ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ, შეჭირვებული ბავშვების ისტორიებს აქტიურად ეცნობოდნენ. სკოლის დირექტორისა და პედაგოგების დახმარებით კი, ფონდთან დაკავშირებაც შეძლეს.
ფიქრობთ, ბავშვებმა ის ტანსაცმელი შეაგროვეს, რომელიც აღარ სჭირდებათ? არა, მეგობრებო. მოსწავლეებმა შეჭირვებული თანატოლებისთვის სწორედ ის ტანსაცმელი გაიმეტეს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდათ საკუთარ გარდერობში. აი, ამას ჰქვია ნამდვილი სიკეთე. უფალმა დალოცოს და ბედნიერი მომავალი მისცეს ამ ღვთისნიერ ბავშვებს.
„სიკეთის მარათონში“ აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეების მშობლებიც და სკოლის დირექციაც. სწორედ მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან სწორი აღზრდის შედეგი არის ის, რომ ეს ბავშვები ასეთ ასაკში, უკვე აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია შეჭირვებულთათვის დახმარების ხელის გაწოდება.
სოფიო ქუხილავა – წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი.
„მოსწავლეების საქველმოქმედო აქციებში ჩართვა, მათ პიროვნულ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. როდესაც ბავშვები ხედავენ, როგორ შეუძლია მათ პატარა ქმედებებს სხვების ცხოვრებას შეცვლა, ისინი უფრო მზრუნველნი ხდებიან, სწავლობენ იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს დახმარება და ერთმანეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როდესაც მოსწავლეები იაზრებენ, რომ სხვებს მეტი სირთულე აქვთ, ისინი იმის დაფასებას სწავლობენ, რაც აქვთ. ეს კი, მათ მოტივაციას და ცხოვრების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ამყარებს. საქველმოქმედო აქციებში ჩართვა, სამოქალაქო პასუხისმგებლობას უვითარებს მოსწავლეებს. ისინი საზოგადოებრივ ინიციატივებში, სოციალური პრობლემების გადაჭრაში უფრო მეტად ერთვებიან,“ – აღნიშნავს სოფიო ქუხილავა.
ტანსაცმლის გარდა, მოსწავლეებმა სრულიად ახალი სასკოლო ინვენტარი შეაგროვეს იმ თანატოლებისთვის, ვინც ამ ყველაფერს მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოიდგენდა. მალე კი, მათი ოცნება რეალობად იქცევა.
აი, ასე გულმოდგინედ, საკუთარი ხელით ჩაალაგეს ბავშვებმა შეგროვებული ტანსაცმელი და ნივთები „ჩერნოვეცკის ფონდში“ გამოსაგზავნად. წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, მთელი გულით გამოგზავნილი საჩუქრები, ძალიან მალე მივა პატარა ადრესატებთან. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენს შეჭირვებულ ბენეფიციარებს როგორ გაუხარდებათ „უცნობი“ მეგობრების ხელით გამოგზავნილი საჩუქრები. ბავშვების ემოციების ამსახველ კადრებს აუცილებლად გაგიზიარებთ, მეგობრებო.
აი, ასეთ ულამაზეს სვანეთს, რომელიც სამოთხის სადარია, მასავით ლამაზი „შვილები“ ჰყავს. დიახ, განა შეიძლება, „მთის შვილები“ ღვთისნიერი და სიკეთით აღვსილნი არ იყვნენ?
„ჩერნოვეცკის ფონდი“ მადლობას უხდის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის დირექციას, მოსწავლეებსა და მშობლებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ სკოლამ ჩვენს საბრალო პატარა ბენეფიციარებს დახმარების ხელი გაუწოდა. უფალმა დაგლოცოთ, გაბედნიეროთ და მრავალი ბედნიერი წელი შეგმატოთ. თქვენ ჩვენი იმედი ხართ! თქვენ შეჭირვებული ბავშვების იმედი ხართ! თქვენ მარტოხელა დედების იმედი ხართ! თქვენ სრულიად საქართველოს იმედი ხართ!
კორ.: ნინი