ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალიან მეშინია!

„კრუნჩხვებში ვარდება, თავს უკან აგდებს და ხელებს იქნევს; თავის სკამზე მყარად თუ არ ზის, შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ სულ უნდა უყურო და მაგრად გეჭიროს!“ - გვიყვება პატარა ნათია და გვიჩვენებს მის ძმას, გიორგის შეტევები როგორ ეწყება. – „იცით, რა საშინელებაა? ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ძალიან საშიშია! ზოგჯერ მესიზმრება, რომ ცუდადაა, მე კი მის დახმარებას ვერ ვასწრებ.“
1,522.5 ₾
136
დონორები
შეგროვებულია

„კრუნჩხვებში ვარდება, თავს უკან აგდებს და ხელებს იქნევს; თავის სკამზე მყარად თუ არზის, შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ სულ უნდა უყურო და მაგრად გეჭიროს!“ - გვიყვება პატარა ნათია და გვიჩვენებს მის ძმას, გიორგის შეტევები როგორ ეწყება. – „იცით, რა საშინელებაა? ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ძალიან საშიშია! ზოგჯერ მესიზმრება, რომ ცუდადაა, მე კი მის დახმარებას ვერ ვასწრებ.“

  საბრალო გიორგის ჯანმრთელობაში არ გაუმართლა, მაგრამ და-ძმებშიძალიან გაუმართლა! ისინი მას ფაქტობრივად ხელის გულზე ატარებენ, ცივ ნიავსაც არ აკარებენ და მის გამო ყველანაირ ბავშვურ სიამოვნებაზე ამბობენ უარს (თუკი შეიძლება, რომ საჭმელს და ტანსაცმელს ბავშვური სიამოვნება ეწოდოს). მათ ოჯახში ის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანია! მაგრამ სამწუხაროდ, სნეული ბიჭი მხოლოდ სიყვარულით ვერ იცოცხლებს! მას წამლები, საფენები და საკვები სჭირდება!

  ამ საწყლებმა 550 ლარზე როგორ უნდა იცხოვრონ? ბავშვებმა იციან, რომ ეს ფული გიორგისთვისაა - ის წამლების გარეშე ვერ გადარჩება, ისინი კი საჭმლის, ტანსაცმლისა და სათამაშოების გარეშე როგორმე იცოცხლებენ; თანაც როგორ?!

ქეთი, ნუ ტირით. თუ შეიძლება, თქვენი ბიჭის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით. დაბადებიდან არის ავად?

ქეთი:მას დიაგნოზი 3 თვის ასაკში დაუსვეს... იცით, მე და ჩემი მეუღლე სრულიად ჯანმრთელ შვილს ველოდით. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გიორგის რამე პრობლემა ექნებოდა; მაგრამ მოულოდნელად ცუდად გახდა, სუნთქვა შეუჩერდა, კინაღამ ხელებში ჩამაკვდა... საავადმყოფოში ამოვყავით თავი! თითქოს სიზმარში ვიყავი, ვერაფრით ვხვდებოდი, ჩემს შვილს რა დაემართა... ერთი თვე რეანიმაციაში გავატარეთ. როცა ექიმმა მითხრა, რომ გიორგი სიარულს და ლაპარაკს ვერასდროს შეძლებდა და მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩებოდა, კინაღამ მოვკვდი!

- გამოჯანმრთელების არანაირი შანსი არ აქვს? შეგვიძლია რამენაირად დავეხმაროთ?

ქეთი:არა. ჩემს კითხვებზე პასუხად ექიმები მხოლოდ თვალს მარიდებენ. მისი მდგომარეობა უიმედოა, ჩემი შვილი ცხოვრების ბოლომდე ასეთი დარჩება... მისი ტვინი საერთოდ ვერ ვითარდება; ის სიარულს ვერასდროს შეძლებს. მითხრეს, მენჯ-ბარძაყის ძვალი ისეთ მდგომარეობაშია, ოპერაციას აზრი არ აქვსო. პირიქით, შეიძლება ავნოს კიდეც. ცოტა ხნის წინ საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც ძალიან აწუხებდა. სულ ეს არის. სხვას ვერაფერს ვიზამთ.

ქეთი, რას ურჩევდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?

ქეთი: ვინმეს რამე როგორ ვურჩიო? რა შეიძლება იყოს იმაზე საშინელი, ვიდრე იმის ყურება, როგორ იტანჯება შენი შვილი და იმის გაცნობიერება, რომ დახმარება არაფრით შეგიძლია? მინდა ყველა მათგანს მოთმინება და გამძლეობა ვუსურვო და ძალა, რომ ეს საშინელი ტკივილი დაძლიონ!

– რა არის ყველაზე რთული სნეული ბავშვის აღზრდაში?

ქეთი: ყველაფერი რთულია! გიორგი სრულიად უმწეოა, საფენები და ბლენდერში საგანგებოდ დაქუცმაცებული საკვები სჭირდება. მხოლოდ მისი სახის გამომეტყველებით თუ მიხვდები, კარგად არის თუ ცუდად; იმის თქმაც კი არ შეუძლია, რა აწუხებს. დედაჩემმა მასზე ზრუნვა პირველივე დღეებიდან ითავა და ძალიან მეხმარება. ის რომ არა, არც კი ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდებოდი... მასთან ერთად დასეირნობს, მუსიკას ურთავს - ეს ერთადერთია, რითიც მისი გართობა შეიძლება.

ხელისუფლება არაფრით გეხმარებათ?

ქეთი:ჩემი ბიჭისთვის, წელიწადში ერთხელ, წამლებს გვიფინანსებენ. სულ ეს არის მათი დახმარება! ბევრჯერ მიმიმართავს, ვწერდი, რა საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ ჩემი შვილები... გიორგის გარდა კიდევ ორი ბიჭი და ერთი გოგონა მყავს; მაგრამ ყველა ჩემი განცხადება უგულებელყვეს.

თავს როგორ ირჩენთ?

ქეთი:სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 550 ლარს და გიორგის პენსიას, რაც მისთვის საფენების და წამლების საყიდლადაც კი არ გვყოფნის. პროდუქტებს ვალად ვიღებთ. არც კი ვიცი, გადარჩენას როგორ ვახერხებთ.

თქვენ და თქვენი მეუღლე არსად მუშაობთ?

ქეთი: ხომ იცით, სოფელში რა სამუშაოცაა? ჩემი ქმარი ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდაც სახლში ორი კაპიკი მაინც შემოიტანოს. საცხობში მუშაობდა... ზოგჯერ, როცა დამატებითი მუშახელი სჭირდებათ, ურეკავენ და სამუშაოდ კონიაკის ქარხანაში ეძახიან, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. მე თვითონ დავითგარეჯის მონასტერში ვმუშაობდი და ტურისტებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოს სისუფთავეზე ვაგებდი პასუხს, მაგრამ ამ პანდემიის გამო ყველაფერი დაიხურა და ეს მწირი შემოსავალიც კი დავკარგე.

– ქეთი, მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით?

ქეთი: ერთმანეთი ნათესავებთან სტუმრად ყოფნისას გავიცანით. ეს ალბათ ერთი ნახვით სიყვარული იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ბედს შევხვდი და ძალიან მალე ვიქორწინეთ. მასში არ შევმცდარვარ! ამირანი ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის ყველაფერს აკეთებს. ნეტავ მუდმივი და ნორმალური სამსახურის შოვნა შეძლოს...

როგორ წარმოგედგინათ მომავალი 12 წლის წინ? რა გეგმები გქონდათ?

ქეთი: რა ვიცი... ალბათ როგორც ყველას. ძლიერ ოჯახზე და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდით; გვეგონა, ორივე ვიმუშავებდით... ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ სიღარიბეში აღმოვჩნდებოდით, რომ გიორგი ავად იქნებოდა...

– რა გაძლებინებთ? რა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას?

ქეთი: მხოლოდ უფლის რწმენა! მჯერა, რომ ყველაფერი ღვთის განგებით ხდება და ადამიანს განსაცდელი უმიზეზოდ არ ეძლევა... ჩვენ ღრმად მორწმუნეები ვართ, ეკლესიაშიც ხშირად დავდივართ. როცა მონასტერში ვმუშაობდი, ტაძარში ყოველდღე შევდიოდი, სანთელს ვანთებდი და შვილებისთვის ვლოცულობდი. სახლშიც უამრავი ხატი გვაქვს. ჩემი გოგონა მათთან ხშირად მიდის, პირჯვარს იწერს და რაღაცას ჩურჩულებს ხოლმე. მხოლოდ 8 წლისაა, მაგრამ უკვე ესმის...

არავინ გეხმარებათ? ნათესავები ან ახლობლები?

ქეთი: დედისერთა ვარ. მამაჩემს დიაბეტი ჰქონდა, ფეხი იტკინა, განგრენა დაეწყო და ოპერაცია ორჯერ გაუკეთეს, მაგრამ უშედეგოდ; 19 წლის წინ გარდაიცვალა... დედას კი ჩვენი სახლის გაყიდვა მოუწია, რომ ვალები დაეფარა და რაღაც საარსებო წყარო მაინც რომ ჰქონოდა. ჩემი მეუღლე ობოლია, ისიც დედისერთაა. მხოლოდ 10 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, რის შემდეგაც მამამისი გალოთდა. საკუთარი საცხოვრებელი არც მას აქვს. ვის მივმართოთ? შორეული ნათესავები კი გვყავს, მაგრამ ყველას თავისი პრობლემები აქვს, ოჯახი, შვილები...

ეს ბინა თქვენია?

ქეთი: ეს ბინა დედაჩემმა ძალიან იაფად იყიდა, როცა მშობლიური სახლის გაყიდვა მოუწია. ან რა გასაკვირია? შენობა ძველია, არანაირი პირობა არ არის, კაპიტალური რემონტი სჭირდება. შვიდნი ვართ და ძლივს ვეტევით. საპირფარეშო ეზოშია, ბავშვებს ღამე იქ გასვლის ეშინიათ; მათ პირდაპირ ოთახში, ტაშტში ვაბანავებ. შეშის ღუმლით ვთბებით, გაზი გადაუხდელობის გამო გაგვითიშეს... სადილს თუ ვამზადებ - მეზობელთან; ვმეგობრობთ და რითიც შეუძლია, ყველანაირად მეხმარება. ზოგჯერ თვითონ ამზადებს ხოლმე რამეს და ჩვენთვისაც შემოაქვს, ბავშვებისთვის...

ზოგადად, ბავშვებს რას აჭმევთ?

ქეთი:ყველაზე იაფფასიან სურსათს ვყიდულობთ - მაკარონს, კარტოფილს... რა თქმა უნდა, ბავშვები ხილსაც ითხოვენ და სხვადასხვა გემრიელობებსაც. ვცდილობ მათთან ერთად მაღაზიაში არ შევიდე, რადგან იმდენი რამე უნდათ, ძალა აღარ მაქვს, ყველაფერზე უარის ვუთხრა.

ცოტა რამ მათ შესახებაც გვიამბეთ, თუ შეიძლება.

ქეთი: ალბათ ყველა დედას თავისი შვილები გამორჩეულები, ყველაზე ჭკვიანები, კეთილები და ნიჭიერები ჰგონია... უფროსი - ომარი ყოჩაღი ბიჭია, კარგად სწავლობს, დასახმარებლადაც ყოველთვის მზადაა, ყველა მეზობელს ძალიან უყვარს! ნათია მეორე კლასშია; შარშანაც მთელი მეორე სემესტრი გააცდინა და წელსაც... ძალიან ვდარდობ, მეშინია, რომ მესამე კლასში არ გადაიყვანენ. აღარ ვიცი, რა ვქნა. სკოლის ბუქი გაუფუჭდა, ჩვენ კი ინტერნეტიანი ტელეფონიც კი გვაქვს, რომ ბავშვმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლოს...

ბავშვებს ძმის შესახებ სიმართლეს ვეუბნები. იციან, რომ ყოველთვის ასეთი იქნება, რომ უკურნებელი სენი სჭირს. ვალერი ჯერ ძალიან პატარაა, ნორმალურად ლაპარაკიც კი არ იცის; ბაღი, ბავშვები და სათამაშოები ძალიან ენატრება. ახლა იქ სურსათს გვირიგებენ: ბურღულეულს, მაკარონს, ხილფაფას... დიდი ვერაფერი დახმარებაა, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ.

თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. ომარ, ყველაზე უფროსი შენ ხარ, ამიტომ შენგან დავიწყოთ. მითხარი, სკოლაში ყველაზე მეტად რა საგანი მოგწონს?

ომარი (11 წლის): მათემატიკა! მიყვარს რთული ამოცანების და მაგალითების ამოხსნა. საერთოდ, კარგად ვსწავლობ; დედა ჩემით ძალიან ამაყობს და სკოლაშიც სულ მაქებენ!

– რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?

ომარი: ვოცნებობ ცნობილი ფეხბურთელი გავხდე, სახელი გავითქვა და ბევრი ფული ვიშოვო. მაშინ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს ვიყიდდი!

– რაზე ოცნებობ, ომარ?

ომარი:ვოცნებობ გიორგი ჯანმრთელი იყოს, ფეხბურთს ერთად ვითამაშებდით. მასთან მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი... ის კი მიღიმის! კომპიუტერიც ძალიან მინდა...

რისთვის გინდა?

ომარი:როგორ თუ რისთვის? მე და ჩემი და გაკვეთილებს დავესწრებოდით. თან მასში იმდენი საინტერესო რამ არის! მულტფილმების ყურება და სხვადასხვა თამაშის თამაშიც შეიძლება...

ნათია (8 წლის):მართალია! ჩემი ბუქი გაფუჭდა და მამამ თქვა, გადაიწვა და აღარ ირთვებაო... ისე მეწყინა!

ნათია, შენ ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?

ნათია:მინდა ექიმი გავხდე და ხალხს და ჩვენს გიორგისაც ვუმკურნალო! დედა ამბობს, რომ ის ვერასდროს გამოჯანმრთელდება, მაგრამ მჯერა, რომ საუკეთესო ექიმი გავხდები და მას აუცილებლად განვკურნავ!

შენ, ვალერი? შენ რაზე ოცნებობ?

(ბიჭი დედის ზურგს უკან დაიმალა.)

ნათია:რცხვენია!  ვიცი, რომ მანქანები და კანფეტები უნდა. დედას სულ სთხოვს, მას კი ფული არ აქვს; მაგრამ მას ხომ არ ესმის, რომ მაღაზიაში ფული უნდა გადაიხადო.

– მოდი დედასაც ვკითხოთ. ქეთი, თქვენ რაზე ოცნებობთ?

ქეთი: მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ; რომ მათ ნორმალური სახლი, გემრიელი საჭმელი და ტანსაცმელი ჰქონდეთ; რომ გაიზარდონ, ისწავლონ და წარმატებული ადამიანები გახდნენ. გული მტკივა, რადგან მათ არაფერი გააჩნიათ. უფროსები უკვე ყველაფერს ხვდებიან და აღარც რამეს ითხოვენ... ახლა შეიძლება სკოლები გახსნან, მაგრამ მათ არც რვეულები აქვთ და არც კალმები. რა ვქნა, აღარ ვიცი...

თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ?

ქეთი:ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. გიორგის იმდენი რამ სჭირდება: წამლები, საფენები, ექიმებთან საკონტროლო ვიზიტები... ასეთ ხარჯებს უბრალოდ ვერ ვუმკლავდებით...

მის და-ძმებს არც ნორმალური ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი და მუდმივად ცუდად იკვებებიან. ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია, გესმით? ბინაში ცხელი წყალი მაინც რომ გვქონდეს, წამდაუწუმ აღარ გაცივდებოდნენ... საწოლები გატეხილია, ნორმალური სკამები და კარადაც კი არ გვაქვს, ყველაფერი ერთმანეთზე ყრია.

რა ძნელია თხოვნა, მაგრამ ხედავს უფალი, მხოლოდ ბავშვების გამო გავბედე დახმარების თხოვნა! თქვენს გვერდზე განთავსებულ პოსტებს სულ ვკითხულობ. ღმერთო, რამდენ ადამიანს უჭირს, რამდენს სჭირდება დახმარება!.. იმ იმედით მოგწერეთ, რომ ბედი მეც გამიღიმებს და კეთილი ხალხი არც ჩვენს გასაჭირს აუვლის გვერდს. ღმერთმა დაგლოცოთ!

***

  მეგობრებო, მწუხარება, სიღარიბე და შვილის ავადმყოფობა - ეს ყველაფერი თავზე ერთიანად დაატყდა ქეთის - ოთხი მშვენიერი შვილის: 4 წლის ვალერის, 8 წლის ნათიას, ცერებრული დამბლით დაავადებულ, 10 წლის გიორგის და 11 წლის ომარის უბედურ დედას. ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ, სივიწროვეში, ბინაში, სადაც არანაირი პირობა არ არის. ოჯახი სნეული შვილის წამლებისა და საფენების ხარჯებს ვეღარ უმკლავდება, ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან, სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ და არ აქვთ სწავლის შესაძლებლობა! არადა სწორედ ეს ანგელოზები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი!

    მუსალბიშვილების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: სურსათით, საფენებით, წამლებით; ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ. სახლში არც ცხელი წყალია და ავეჯიც ძველია.

  მუსალბიშვილების ოჯახის მონახულება და დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ქ. გურჯაანი, თაყაიშვილის №13, პირველი სართული.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მუსალბიშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდანაც. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი მუსალბიშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: