ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“

page info icon
2021 ოქტომბერი 18
„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ - ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. - „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ - მაფრთხილებს ბავშვი.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,820.62 ₾
( 154 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ - ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. - „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ - მაფრთხილებს ბავშვი.

და აი, აივნის ქვეშ ვდგავარ და ვხედავ იმას, რაც ორიოდე წუთის წინ პატარა მეზღაპრის ფანტაზიის ნაყოფი მეგონა.

ხვრელი მართლაც იმხელაა, რომ შეიძლება მეც კი „შემახრამუნოს“!

იქიდან ბიჭი მიყურებს - ეს ნინიკოს ძმაა. თერთმეტი წლის ნოდარს ლაპარაკი ნაკლებად უყვარს, მაგრამ მაფრთხილებს, რომ ფეხქვეშ ვიყურო. სახლი კი არა, დანაღმული ველია! აქ ყოფნა უბრალოდ საშიშია; მაგრამ კაციშვილს არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები... და როგორც ყოველთვის, ისევ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, მეგობრებო, - კეთილი გულის მქონე უცხო ადამიანების იმედი!

ნატალია, ნინიკომ გზაში ჩემი დაშინება უკვე მოასწრო. მეგონა მოიგონა, რომ თითქოს რაღაც ხვრელში ჩავარდა, მაგრამ როგორც ჩანს, მართალია...

ნატალია: უჰ, სასწაულებრივად გადარჩა! ძლივს ამოვიყვანე. საშინელებაა! თავისი პატარა ხელებით ხის ნაჭრებს რომ არ ჩასჭიდებოდა... ახლა რამე ფიცრები გვინდა მოვძებნოთ, რომ დავაჭედოთ, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბით თავი. როცა იმაზე ფიქრობ, შვილებს რა აჭამო, ამ საშინელებას უკვე ვეღარც კი ამჩნევ.  

ამ სახლში საფრთხის შესაქმნელად ყველა პირობაა: კიბე შეიძლება ჩამოინგრეს, კედელი შეიძლება ჩამოიშალოს, ჭერი - ჩამოვარდეს. ფხიზლად ყოფნაა საჭირო, რომ სახლმა მაცხოვრებლები ცოცხლად არ დამარხოს.

 – და რაზე ცხოვრობთ?

  ნატალია: მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე. ზოგჯერ, თუ ვინმემ დაგვიძახა, მე და ჩემი ქმარი სამუშაოდ მინდორში გავდივართ... მაგრამ ახლა უკვე აღარ შემიძლია, - ორსულად ვარ. ვიღაცისთვის ორსულობა ბედნიერებაა, მე კი ყოველდღე ვნერვიულობ. რძე თუ არ მექნა, ბავშვს რა ვაჭამო?

მესმის, ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა…

ნატალია: ალბათ ვინმე იმასაც იტყვის, რომ ჩვენი შვილების მომავალზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე არაა. საკუთარ შვილს ხომ არ მოვკლავ, არა? რადგან ღმერთმა მოგვცა, მის გამოკვებაშიც დაგვეხმარება. მე ამის მჯერა! და ბევრს სჯერა ამის! ბავშვებს მხოლოდ მდიდრები რომ აჩენდნენ, საქართველოში ორასი ადამიანიღა დარჩებოდა. თუ საკმარისად მდიდარი არ ხარ, ორსულობა სასჯელია.

„საქართველოში ორსულობა ყველაზე დიდი სასჯელია.“

   – სოციალური დახმარება რაზე გყოფნით?

ნატალია: ფქვილზე, შაქარზე და ლობიოზე... და სარეცხ ფხვნილსაც ვყიდულობ. რადგან მდიდრები არ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ჭუჭყიანი ტანსაცმლით უნდა დადიოდნენ.

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

ნატალია: ნეტავ არ მეთხოვა. თავი ქუჩაში გაგდებული მათხოვარი მგონია, კაპიკებს რომ ითხოვს. სახლის შეკეთება ვთხოვეთ, მაგრამ არაო!

თქვენი სახლის ნახვა შეიძლება?

ნატალია: ჩვენება მრცხვენია. მაწანწალებივით ვცხოვრობთ. სახლში მთელი არაფერია. როგორც მოგვიხერხდება, ისე გვძინავს.

ნინო (4 წლის): წამო, გაჩვენებ! ოღონდ ფრთხილად იარე, თორემ ჩავარდები და ვერ ამოგიყვანთ! ნახე, რამხელა ხარ!  

„აი, ამ ხვრელში ჩავვარდი! ნახე, რა საშინელია!“

„მამამ იატაკის ხვრელები ასე ამოავსო.“

სახურავი ამ ძველ ტაფებს უჭირავს...

ამ საშინელი კედლის გვერდით კი ბავშვებს სძინავთ... მათ კეთილი სიზმრების შესახებ არაფერი იციან...

ნინიკო, როგორი სახლი გინდა, რომ გქონდეს?

ნინო: პატარა, მაგრამ ლამაზი, - როგორიც ჩვენს მეზობლებს აქვთ. იქ თეთრი კედლები და ჭერია და აივანზე სირბილი შეიძლება, აქ კი არ შეიძლება.

   – კიდევ რას ისურვებდი?

  ნინო: რომ ყველაფერი გვქონდეს. კარადას გამოვაღებ და - ვაფლი დევს, ისევ გამოვაღებ და - ისევ დევს... და სათამაშოებიც რომ მქონდეს.

   – სათამაშოები არ გაქვს?

  ნინო: მაქვს! გინდა განახო? იჯექი, ახლავე მოვათრევ.

   – მოიცა, მოთრევა არ გინდა, მე თვითონ მოვალ და მაჩვენე.

  ნინო: მთელი ყუთი მაქვს... აი, ჩემი სათამაშოები!

ოთხი წლის ნინიკოსთვის ეს სათამაშოებით სავსე, გაცვეთილი მუყაოს ყუთი მთელი სამყაროა! ყველა სათამაშო გატეხილი და ძველია, მაგრამ საწყალ ბავშვს დიდი არჩევანი არც აქვს.

   – შენი ძმა ასეთი ჩუმი რატომაა?

  ნინო: ჰო, ეგეთია... მე კი მხიარული ვარ! მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად ვთამაშობთ.

„ჩემს ძმას არ ვაბრაზებ, იშვიათად... მაგრამ ყოველდღე.“

ნოდარ, მინდა შენი სურვილებიც ვიცოდე. მოგვიყვები?

ნოდარი (11 წლის): არა, სურვილები არ მაქვს!

ნატალია: ნინიკოსგან განსხვავებით, ჩუმი ბიჭია. მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ვერ ვხვდებით, რატომ. სკოლაში ლექსს სწავლობს, სწავლობს და... მერე აღარ ახსოვს. არც ის ახსოვს, რომ რაღაც ასწავლეს. მითხრეს, თბილისში ექიმთან უნდა წაიყვანოო, მაგრამ როგორ? იქ უნდა ჩახვიდე, დარჩე... ქალაქის ექიმები კი ძალიან ძვირია.

დედა ვერ ხვდება, მისი შვილი ავადაა თუ უბრალოდ სწავლა არ უნდა.

ანუ მკურნალობა სჭირდება?

ნატალია: არ ვიცი, იქნებ არცაა საჭირო? იქნებ უბრალოდ ნორმალური კვება სჭირდება? ხომ გეუბნებით, ბავშვები პურის და ლობიოს გარდა სხვას არაფერს ჭამენ. ზოგჯერ მეზობლები თუ დაუძახებენ და აჭმევენ...

   – დღეს სადილად რა გაქვთ?

ნატალია: პური... სოციალური დახმარების ჩარიცხვამდე რამდენიმე დღე დარჩა, ამიტომ ეს დღეები მხოლოდ პურზე ვიქნებით.

რა უნდა მოხდეს, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს?

ნატალია: არც კი ვიცი... ალბათ ჩემმა ქმარმა ნორმალური სამსახური უნდა იშოვოს, - ისეთი არა, როგორიც ახლა აქვს. კვირაში ერთხელ დადის და დღეში 10 ლარს უხდიან... ამ სახლის შეკეთებაშიც თუ დაგვეხმარებიან და ხელს ოდნავ მაინც თუ წაგვკრავენ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ...

„ლამაზ სახლს და შიგნით უამრავ ვაფლს დავხატავ, - ნოდო დამეხმარება.“

„თოჯინასაც დავხატავ - ეგ მეც შემიძლია!“

ნატალია, მოდი ჩვენი საუბარი შევაჯამოთ - რა გჭირდებათ ყველაზე მეტად იმისთვის, რომ ცხოვრება გაგიმარტივდეთ?

ნატალია: სამშენებლო მასალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხვრელები მაინც ამოვავსოთ. პროდუქტებიც ძალიან გვჭირდება, თუნდაც ისეთი, რომ ზამთარი გადავაგოროთ. მომავალ შვილზეც ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ამაზე წინასწარ ფიქრი არ მინდა. იქნებ ღმერთმა შეგვიწყალოს და რძე მქონდეს... ჰიგიენური საშუალებებიც გვჭირდება, საწოლები, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი...

  ნინო: ჰო-ო-ო! ტელევიზორი ყველზე მეტად გვჭირდება! გადააკეთე, - დაწერე ტელევიზორი და მიაწერე „ნომერი ერთი“.

   – კარგი, ეგრე ვიზამ! მოდი შენი სურვილების სია ცალკე ჩამოვწეროთ!

  ნინო: დაწერე: ვაფლი, ტელევიზორი, ლამაზი კაბა, ლამაზი თოჯინა, ლამაზი საწოლი, ლამაზი ბალიში, ლამაზი სახლი - ყველაფერი ლამაზი! და ნოდოსთვის ველოსიპედი ან პლანშეტი დაწერე! მორჩა!

   – მალე ყველა სურვილი აგიხდებათ, ჩემო პრინცესა!

  ნინო: დედაც ასე მეძახის!

ეს პატარა ლამაზმანი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. მან თავი პრინცესად უნდა იგრძნოს, - როგორც ყველა გოგომ!

***

  მეგობრებო, ყორშიების ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, ვისაც დასახმარებლად მიმართავდა. მათი უკანასკნელი იმედი სრულიად უცხო ადამიანები არიან. დედა შვილებზე დარდობს, რადგან არასათანადო კვებამ შეიძლება მათ ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ქალი ჯერ არშობილი შვილის გამოც ძალიან ნერვიულობს, რადგან იცის, რომ იმ ტანჯვისთვის იმეტებს, რომელიც მას არ დაუმსახურებია. აბა, რა ქნას? როგორ მოიქცეს? არ გააჩინოს? თუ ჩვენ მაინც დავუდგებით გვერდში და დავანახებთ, რომ საქართველოში დაბადება არც ისე დიდი საშინელებაა?!

ყორშიების ოჯახს ნებისმიერი დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, სამშენებლო მასალებით, საწოლებით, სარეცხი მანქანით, ტელევიზორით... ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ უბედური ოჯახის დახმარებასაც შევძლებთ, როგორც მანამდე სხვა ათასობით ქართულ ოჯახს დავეხმარეთ, რომლებიც სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იყვნენ.  

მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი მაისი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ყორშიების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: