ეს 4 წლის დუდაა. აი, ამ ფრინველებთან ერთად ცხოვრობს ბავშვი სოფელ ვანთასთან გაშენებული ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე, ტრიალ მინდორზე, რომლის გარშემოც ტყეა. დიახ, არ მოგესმათ, ბავშვი სწორედ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ფაქტობრივად, მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანების ნაცვლად კი, მხოლოდ ფერმის ფრინველები არიან. უფრო საშინელება კი ის არის, რომ საბრალო ბიჭუნას სიცოცხლეს აქ საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, გარეული ცხოველები გამოჩნდნენ ტყიდან… დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… ამ მიყრუებულ და საშინელ ტერიტორიაზე, ბიჭუნა, მეორე ჯგუფის უნარშეზღუდულ დედასთან ერთად ცხოვრობს. 39 წლის ნინო მარტოხელაა. ის მხოლოდ 16 წლის იყო, საშინელ ავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ, ქალი ხეიბრად იქცა. ყავარჯნის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ფეხებიც დეფორმირებული აქვს და ყავარჯნითაც კი უჭირს ნაბიჯის გადადგმა. ჯანმრთელობის ასეთი რთული მდგომარეობის მქონე ქალი, ბავშვის ერთადერთი პატრონია.