პროექტის რეპორტი ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

page info icon
2020 ოქტომბერი 30
მეგობრებო, გაიცანით! მარიამი (1 წლის), ბარბარე (2 წლის), ლიკა (3 წლის) და გიორგი (4 წლის) - ეს ბავშვები კანფეტებსა და სათამაშოებს მხოლოდ ოცნებებში ხედავენ. ისინი ჯერ მეტისმეტად პატარები არიან იმისთვის, რომ მათი მდგომარეობის სიმძიმე გააცნობიერონ, მაგრამ მათ უკვე უწევთ გაჭირვების დათმენა და იციან: „დედას ახლა ფული არ აქვს... მერე გვიყიდის, ოდესმე...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,911 ₾
( 209 დონორი )
დასრულებულია

რა ღირს ბავშვის ღიმილი? ათასი, ასი ათასი თუ მილიონი?

გააჩნია ვისი! თუ იმ ბავშვების, ვისზეც ახლა ვისაუბრებთ, - ის ფასდაუდებელია!

აი, რა საუბარს შევესწარი, როდესაც მათთან სტუმრად მივედი და ბავშვებს და დედას საჩუქრები დავურიგე:

– დე, ვინ გირეკავს? მომასმენინე რა, გთხოვ! - ეხვეწება ოთხი წლის გიო.

– ერთი დეიდაა თბილისიდან.

– მოვა? დეიდა, მოხვალ? (ჩაჰყვირის ყურმილში.)

– მოვა, მაგრამ დღეს არა, გიო.

– მეც მინდა ლაპარაკი! – სამი წლის ლიკა სათამაშოებს ძირს ყრის და დედისკენ შურდულივით მიექანება. - მე ახალი სათამაშოები მაქვს! (ამბობს ყურმილში.)

გიო (ამბობს ყურმილში):

– მე პულტიანი მანქანა მაქვს, მაგრამ სათამაშო დათუნიებიც მინდა. ლიკა, გაიწიე! (მიმართავს დას.)

– ბავშვებო, აღარაფერი მესმის, - იცინის დედა, გვანცა. - ვაი, ბარბარეც მორბის! თქვენთან საუბარი მასაც უნდა...

ეგიკაშვილების ოჯახის შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/646-egikashvili ), მათთან რეკვა და მისვლა ჩვენმა უამრავმა მკითხველმა დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გვანცას სრულიად უცნობი ხალხი დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა. და ეს ნაკადი (რა ბედნიერებაა!) ჯერ კიდევ არ შემწყდარა! ბავშვებისთვის, - ოთხი მშვენიერი ანგელოზისთვის, - ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მეტად ამაღელვებელი და უჩვეულოა. ისინი თავის სიხარულს მძაფრად გამოხატავენ და მზად არიან თითოეულ სტუმარს სირბილით შეეგებონ.   

– თქვენ, ფაქტობრივად, ყველაფრით უზრუნველგვყავით, - ამბობს გულაჩუყებული გვანცა, - სურსათით, წამლებით, ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კომპლექტით. არ მახსოვს ვინმეს ასე ეზრუნოს ჩვენზე. ახლა ჩემს შვილებს ყველაფერი აქვთ! მინდა ჩერნოვეცკის ფონდს მადლობა ვუთხრა, ბრავო!

გვანცა, ვინც გამოგეხმაურათ, ყველას სახელის დამახსოვრება ადვილი არ არის, მაგრამ იქნებ თქვენს მონაყოლში მათ საკუთარი თავი ამოიცნონ... ეს მათ გულს გაუთბობდა.

გვანცა: მართალია! იმდენი ხალხი გამომეხმაურა, რომ სახელებს ნამდვილად ვერ დავასახელებ. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა ვთქვა - გულწრფელად მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის თქვენი სიკეთისთვის. თქვენ არც კი იცით, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს ჩემთვის და რამხელა მხარდაჭერაა...

ბათუმელმა ბიჭებმა სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მოგვიტანეს! ამ საქციელმა ისე დამაბნია, შოკში ვიყავი - ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. მერე გორიდანაც გვესტუმრნენ, სოფლის ქათმები და კარტოფილით სავსე ტომრები მოგვიტანეს; გვითხრეს, რომ კიდევ გვინახულებდნენ...

ასევე, მინდა აღვნიშნო ორი ქალბატონი გორიდან, რომლებმაც საკუთარი ხელით გაკეთებული კონსერვებით და კომპოტებით მოგვამარაგეს. ბავშვებს განსაკუთრებით სტაფილოს სალათა მოეწონათ. სანამ არ გათავდა, სადილზეც და ვახშამზეც მაგას ითხოვდნენ... მაგრამ სტაფილოს მცირე მარაგი მაინც მაქვს, უბრალოდ ჯერ ვმალავ. ერთიანად ხომ არ შევჭამთ, არა? (იღიმის.)

ერთ-ერთი კომპანიის უცხოელმა თანამშრომელმა თავისი კოლეგები შეაგულიანა, რომ შეკრებილიყვნენ და ჩვენთან მოსულიყვნენ. 300 ლარით დაგვეხმარნენ; გვითხრეს, რომ ჩვენი დახმარება ყოველთვიურად სურთ და მოიფიქრებენ, ეს როგორ გააკეთონ.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უამრავი საჩუქარი მივიღეთ: საბავშვო ტანსაცმელი (როგორც ახალი, ისე ნახმარი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში), ფეხსაცმელი, საკვები, სათამაშოები, თოჯინები, ბურთები, პულტიანი და უპულტო მანქანები, მუსიკალური მიკროფონები. შესაძლებლობა მომეცა, რომ შვილები რამით გამერთო. სულ კუდში დამყვებიან... (იცინის.) მაგრამ ახლა, როცა საოჯახო საქმეები მაქვს, ბავშვებს შეუძლიათ თავი თამაშით გაირთონ და მშვენივრადაც ირთობენ! ოთხივენი სხდებიან, ყველა სათამაშოს ერთდროულად გადმოყრიან ხოლმე... მაგრამ ზარის ხმას გაიგებენ თუ არა, თავქუდმოგლეჯილები გამორბიან. აინტერესებთ, კიდევ ვინ მოვა, მათთან საუბარი თავადაც სურთ. რაღაცნაირი აზარტი გაუჩნდათ. ვის არ ესიამოვნება ყურადღება?

სტუმარს პირდაპირ ქუჩაში ეგებებიან, სახლში შემოჰყავთ და მათ გარშემო ტრიალებენ, ათვალიერებენ... როგორც ამბობენ, ყველა თავისკენ ექაჩება საბანს... სამი დღის წინ რუსთავიდან გოგონა გვეწვია. ტანსაცმელი, სათამაშოები მოგვიტანა, ბავშვებს მიეფერა, მათთან ერთად საერთო სურათი გადაიღო და მერე ცალ-ცალკე - ყველასთან. ბავშვები ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ ბედნიერები არიან.

მინდა გითხრათ, რომ ახლა ვაზიანში ვცხოვრობთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩვენთან სტუმრად მოსვლას დააპირებს.    

ვაზიანში თქვენი ამბავი იციან? მეზობლების გაცნობამ როგორ ჩაიარა?

გვანცა: დიახ! ახლა ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ შესახლებამდე რემონტი იყო გასაკეთებელი. ადგილობრივმა ბიჭებმა ორი ოთახი სრულიად უფასოდ გაგვირემონტეს: შპალერი, თაბაშირ-მუყაოს ფილა და სხვა მასალა თავისივე ხარჯით გვიყიდეს, სახლში ელექტროგაყვანილობა გამოცვალეს... ახლა ბავშვებს საკუთარი საძინებელი და ფონდის ნაჩუქარი ახალი, დიდი საწოლი აქვთ. მხოლოდ ერთი წლის, პატარა მარის სძინავს ჩემთან.

ახალ მაცივარს უკვე ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ; მაგრამ, ჯერჯერობით, ხელით ვრეცხავ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი სარეცხი მანქანა მაქვს. წყლის მისაყვანად მილები და შლანგებია საჭირო. არა უშავს, ეგეც დროის საკითხია. ბინის მეპატრონე საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს, რომ გაზი შემოგვიყვანონ; მერე კი შევძლებ ახალ გაზქურაზე საჭმლის ცივილიზებულად კეთებით დავტკბე! მოლოდინში წვნიანებს და ფაფებს ღუმელზე ვაკეთებ. ბურღულეულის, მაკარონის და ლობიოს დიდი მარაგი გვაქვს.

გამოხმაურების და თქვენთვის რამე საჭირო და სასარგებლოს გაკეთების მოთხოვნილება ბევრს გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება როგორ მოიქცა?

გვანცა: ისინიც დაგვეხმარნენ. იმ დროს, ჯერ კიდევ უფლისციხეში ვცხოვრობდით და უფლისციხის და ქვახვრელის გამგებელი (ადმინისტრაციის უფროსი) პირადად გვეწვია და სურსათი მოგვიტანა. ჩვენთვის ბინის ყიდვაზეც ჩამოვარდა საუბარი, მაგრამ მერე უკან დაიხიეს - გაიგეს, რომ ჩემი ქმარი სვამს და დახმარება გადაიფიქრეს. მიზეზად დაასახელეს - მსმელმა კაცმა შეიძლება მთელი ქონება ქარს გაატანოსო.

კი მაგრამ, ბინა ხომ ბავშვებისთვისაა?

გვანცა: მგონია, რომ ამ საკითხისადმი მეტი დაჟინება უნდა გამოვიჩინო, ოფიციალურ პირებთან საუბარი კიდევ ერთხელ ვცადო. იქნებ და გამოვიდეს, ვინ იცის?! რადგან ასეთი აზრი ერთხელ უკვე გაჩნდა, ესე იგი, ჩემი შვილების ბედი მათ ნამდვილად აწუხებთ. რაც შეეხება მსმელ კაცს - ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ბავშვების წამოყვანა და ქმრის მიტოვება მომიწია, მაგრამ ის ვერც ამან დააფიქრა. ახლა ნათესავები მკიცხავენ და ჩემთან ურთიერთობა აღარ სურთ.

თქვენს გაკიცხვას ნამდვილად არ დავიწყებთ. ხომ იცით, ჩვენი მკითხველები მოსამართლეები კი არა, დამხმარეები არიან. კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

გვანცა: ფონდმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, რაც ვითხოვე და ისიც კი, რაზეც საუბარსაც კი ვერ ვბედავდი. ახლა ბავშვებს ყველაფერი აქვთ და ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე მანამდე. დიდი მადლობა თქვენ! არეული პირადი ცხოვრების მიუხედავად, შემიძლია ვთქვა: თქვენი დახმარება წინ გადადგმული ათი ნაბიჯია. სტაბილურ, მშვიდ ხასიათზე ვარ და მხოლოდ შვილებზე ფიქრით ვარ დაკავებული. საბავშვო ბაღში რომ წავლენ, მუშაობასაც სიამოვნებით დავიწყებდი.

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

გვანცა: თქვენს სითბოს ვგრძნობ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ მე ოპტიმიზმი მაჩუქეთ. დაე, ყველას ყველაფერი კარგად გქონოდეთ! თქვენი სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ!

***

მეგობრებო, ყველამ ერთად შევძელით, რომ გვანცასთვის და მისი ანგელოზებისთვის იმედი მიგვეცა. თქვენი გამოხმაურება სიკეთის გრძელ ჯაჭვად იქცა. ყველას, ვინც მათ ეხმარება, სურს ამ ოჯახს ისეთი რამ შესთავაზოს, რაც სხვას ჯერ არ გაუკეთებია და ეს მშვენიერი, გულით მიღებული გადაწყვეტილებაა! ახალგაზრდა დედის, გვანცას ცხოვრებაში რთული პერიოდია და ქალი მრავალი განსაცდელის წინაშე დგას, ამიტომ დარჩით მის გვერდით!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ეღიკაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/646-egikashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: