„არ მოგვეკარო, ელამი ხარ, რომ გადაგვედოს? ბრმა! მახინჯო!“ – ორმოც წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ, ზეინაბს დღემდე ახსოვს ეს სიტყვები. ახსოვს, პატარა რომ იყო, მასხრად როგორ იგდებდნენ, ის კი ვერ სცემდა პასუხს, ტიროდა და უარესად დასცინოდნენ ამის გამო. არ ეუბნებოდა მშობლებს. სახლიდან მოშორებით დაჯდებოდა, ცრემლად დაიღვრებოდა, რომ დამშვიდდებოდა, სახლში ბრუნდებოდა. არ უნდოდა, დედას და მამას რომ გული სტკენოდათ.