„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.