ისტორია, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის ტიპური – ხანდაზმული ადამიანი მარტოობაში ატარებს სიცოცხლის უკანასკნელ წლებს. დიახ, ასეთი მოხუცები მრავლად არიან და მათ შორისაა 71 წლის მარიამ ნონიკაშვილი.
მას სახსრების საშინელი ტკივილი აწუხებს, მუხლები პარალიზებული აქვს, უჭირს სუნთქვა, ხოლო საკვების უკმარისობის და ორგანიზმში ნივთიერებათა არასწორი ცვლის გამო მთელი სხეული შეშუპებულია.
უკვე 5 წელია, რაც მარიამ ნონიკაშვილს არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. იგი კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი, თუმცა მას არც ისე ხშირად აკითხავენ. ათასში ერთხელ მეზობლის ქალი მივა, ოთახს დაგვის, ქოთანს გაიტანს, ეზოდან წყალს მოუტანს, დააპურებს…
ეს ხანდაზმული ქალი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც 1933 წელსაა აშენებული მისი წინაპრების მიერ. საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახი გამოდგება, მაგრამ იქ არც წყალი, არც გაზი და არც საპირფარეშოა.
მარიამ ნონიკაშვილი პროფესიით ექიმი-ნევროპათოლოგია. მთელი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნა, მკურნალობდა პაციენტებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ პრობლემებს, თუმცა საკუთარი ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცა.
ამჟამად მის შემოსავალს პენსია წარმოადგენს – 200 ლარი, რომელიც წამლებში ეხარჯება. სოციალურ შემწეობას არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ „დენის ფულს იხდის“ .
ჩვენ მარიამ ნონიკაშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:
-ადრე სად მუშაობდით?
მარიამ ნონიკაშვილი: თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გორის რაიონულ პოლიკლინიკაში გამანაწილეს? მოგვიანებთ კი მუშაობა დავიწყე თბილისის მე-8 კლინიკურ საავადმყოფოში. 3 წელი კუნძულ კუბაზე ვიყავი მივლინებით და ადგილობრივ მოსახლეობას ვმკურნალობდი. სამშობლოში რომ დავბრუნდი, დავიცავი დისერტაცია და მუშაობა დავიწყე „შრომის დაცვის ინსპექციაში“. ასევე ეროვნული გვარდიის ექიმი გახლდით.
-გორის რაიონში როგორ აღმოჩნდით?
მარიამ ნონიკაშვილი: მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო 90-ანი წლები. ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ, წამლის და საჭმლის ფული არ მქონდა. გავყიდე თბილისში კაპიკებად ბინა და სოფელში გადმოვედით საცხოვრებლად. ეს სახლი ჩემმა ბაბუამ ააშენა 30-იან წლებში.
-რამდენი წელია, რაც საწოლს ხართ მიჯაჭვული?
მარიამ ნონიკაშვილი: უკვე 5 წელია. ძვლები მტკივა საშინლად, ფეხები სულ დასიებული მაქვს, მხოლოდ შემიძლია რის ვაივაგლახით საწოლზე წამოჯდომა. ეტლი მაქვს, მაგრამ შიგ როგორ მოვხვდე?
-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
მარიამ ნონიკაშვილი: არა, არ მეხმარება, თუმცა საქმის კურსში არიან ჩემი სავალალო მდგომარეობის თაობაზე.
-ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ?
მარიამ ნონიკაშვილი: პირველ რიგში, ეს არის წამლები და შემდეგ უკვე საკვები პროდუქტები. ძალიან მენატრება „გემრიელობები“, მაგრამ რა ვქნა, არ მაქვს…
-რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?
მარიამ ნონიკაშვილი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და მომიაროს. მე ბევრი არ მინდა, ხანდახან მაინც მომაკითხოს და მანუგეშოს, დამელაპარაკოს და ეს ოთახი დამილაგოს…
მეგობრებო, მარიამ ნონიკაშვილის მდგომარეობა სავალალოა. ვიდეო კადრებში კარგად მოსჩანს მისი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები.
ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თხოვნით, რათა განიხილონ ამ ხანდაზმული ადამიანის საკითხი და აღადგინონ სამართლიანობა. პასუხს და შედეგს აუცილებლად გაცნობებთ!
სანამ ჩინოვნიკები საკითხს განიხილავენ, მოდით არ დავტოვოთ მარიამ ნონიკაშვილი ყურადღების გარეშე და გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. მოდით ვანუგეშოთ იგი და მივცეთ მომავლის იმედი!
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ნონიკაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ეს სამყარო მდიდარია კეთილი ადამიანებით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ თქვენ ხართ!