ძნელია უყურო ადამიანის ცრემლებს, მაგრამ რა საშინელი საყურებელია ტანჯვისგან დაუძლურებული, შენზე შეჩერებული მზერა! როგორ გიჭირს იმ „ღიმილის“ აღქმა, როდესაც იცი, რომ ეს შენთვის, რის ვაივაგლახით, შენ რომ არ დაგღალოს, შენ რომ არ დაგძაბოს, ისეთი ძალდატანებითი „ღიმილია“. ამ „ღიმილით“ ცდილობს მრავალი წელია ჯულიეტა კოშაძე იმ ადამიანების ოდნავ მაინც დამშვიდებას, ვისთვისაც მისი ტკივილი სულერთი არაა.
ჯულიეტა კოშაძე 16 წელია, საშინელი ტკივილებისგან იტანჯება; არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მხოლოდ 61 წლისაა, მაგრამ ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ცხოვრობს ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ნახევრად დანგრეული, ერთსართულიანი საკუთარი სახლის ერთ ოთახში, დანარჩენი ოთახები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. როგორც კი მის საცხოვრებელში შეხვალთ, იგრძნობა გასაცოდავებული ყოფა, უსახსრობა.
ერთადერთი სიმდიდრე, რაც ამ ოჯახს გააჩნია, კედელზე ჩამოკიდებული ხატებია – „ როდესაც მეტი აღარ შემიძლია, ვუყურებ ჩემს ხატებს. უფალს, ყველა წმინდანს ვთხოვ დახმარებას და ტკივილიც თითქოს წამით მიყუჩდება ხოლმე“, – ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. ჩვენ გავესაუბრეთ მას იმ სირთულეებზე, რომლებიც ამდენი წელია სულ თან სდევს და თავს არ ანებებს:
– ქალბატონო ჯულიეტა, როგორ მიიღეთ ეს ტრამვა, რომელიც უკვე ამდენი წელია არ გაძლევთ სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას?
ჯულიეტა კოშაძე: 16 წლის წინ გადმოვვარდი მეორე სართულიდან, ექიმებმა ჩემი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ სერიოზულად დამიზიანდა ხერხემალი და იმ დღიდან ვარ ასე მიჯაჭვული ერთ ადგილს, არაფერი არ მიყუჩებს ტკივილებს.
– ვინ ზრუნავს თქვენზე?
ჯულიეტა კოშაძე: ვცხოვრობ ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ყველაფერს ჩემი გოგონა მიკეთებს, არ მცილდება თავიდან.
– რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?
ჯულიეტა კოშაძე: ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებს მუშაობას, მე მარტო ვერ მტოვებს, არაფრის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა. ეს გვყოფნის ელემენტალურ საკვებზე, მედიკამენტებზე და ძლივს ვიხდით კომუნალურ გადასახადს. სხვა არაფერი და არავინ არ გაგვაჩნია ამ ქვეყნად.
– თუ გეხმარებათ თქვენი საარჩევნო უბნის დეპუტატი ან ქალაქის მერია?
ჯულიეტა კოშაძე: სოციალური მომსახურების სააგენტო გვეხმარება წამლებით, ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა ხერხემლის კომპიუტერული გამოკვლევა.
– როგორ გეხმარებათ ჩვენი ფონდი?
ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მადლიერი ვარ ფონდის! თქვენი თანამშრომლები ხშირად დადიან ჩემთან, მამარაგებენ მედიკამენტებით, ექიმები მეთვალყურეობას მიწევენ, აკვირდებიან რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობა. ღმერთმა გაგახაროთ, თქვენ რომ არ მყავდეთ, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა.
– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?
ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მჭირდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საბავშვო ტანსაცმელი.
– ოცნებობთ რამეზე?
ჯულიეტა კოშაძე: ვნატრობ, ეგებ რაიმე მეშველოს და აღარ მქონდეს ეს გაუსაძლისი ტკივილები, ძალა აღარ მყოფნის გავუძლო. რაც მთავარია, ჩემი შვილი და შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელად და ბედნიერად. იცით, თურმე, მეტი არასდროს არაფერი უნდა ინატრო ადამიანმა. ჯანმრთელობა და ბედნიერება, სხვა ყველაფერი სისულელეა!
– რის იმედი გაქვთ?
ჯულიეტა კოშაძე: ღმერთის იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, მათ ხომ ღმერთი მიგზავნის. თქვენ ხომ არასდროს არ მიგიტოვებივართ, არასდროს გულგრილი არ დარჩენილხართ ჩემი გასაჭირის მიმართ. თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი.
ჩვენ გვგონია, რომ ბევრი არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ შევცვლით რამეს, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს ერთი ტკბილი სიტყვით, ყურადღებით, გვერდში დგომით შეგვწევს იმის ძალა, რომ ჯულიეტა კოშაძეს შევუმსუბუქოთ ეს გატანჯული ცხოვრება. ის ძალიან დაღალა ტკივილმა, გასაჭირმა, უსუსურობამ, უიმედობამ. მას სჭიდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი.
მეგობრებო, გთხოვთ დავეხმაროთ ქალბატონ ჯულიეტას, არ დავტოვოთ ის მარტო თავის გასაჭირთან, ჩვენ შეგვიძლია მას შევუმსუბუქოთ ტკივილი. მოდით ერთად დავეხმაროთ მათ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერია: GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჯულიეტა კოშაძე). თანხის გადარიცხვა ხდება ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
დახმარება ყველას შეგვიძლია, უბრალოდ, უნდა კარგად მოვინდომოთ!