ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მარტოობაში გატარებული სიბერე

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს.
195 ₾
20
დონორები
შეგროვებულია
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს. ბევრი მათგანი საწოლს არის მიჯაჭვული და  მწარედ განიცდის უმძიმეს მდგომარეობას. 
ოლგა 80 წლისაა. იგი უვლის საკუთარ დას – 86 წლის სვეტლანას, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება გადატანილი ინსულტის შემდეგ. მან დაკარგა მახსოვრობა, ვერ ლაპარაკობს და მთლიანად არის სხვაზე დამოკიდებული.
ოლგა ჯერ–ჯერობით უმკლავდება სიძნელეებს, თუმცა ბოლო დროს მისი ჯანმრთელობაც საგრძნობლად შეირყა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, იგი მთელი გულით უვლის დას: უმზადებს საჭმელს, ასმევს წამლებს, უცვლის თეთრეულს, ურეცხავს ტანსაცმელს  და ალაგებს ოთახს. 
ოლგას გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, სტკივა ზურგი და სახსრები, აწუხებს მაღალი წნევა. ამასწინათ, იგი კორიდორში წაიქცა და თეძო დაიზიანა. ახლა წელში ვერ იმართება და დადის მოხრილი. 
ჩვენ გავესაუბრეთ ოლგას და ვთხოვეთ გაეზიარებინა ჩვენი მკითხველისთვის საკუთარი პრობლემები: 
–ნათესავები არ გეხმარებათ? 
ოლგა: ოჯახში სულ ხუთნი ვიყავით. ჩემი ძმა და ორი და გარდაცვლილნი არიან. ძმიშვილი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო დისშვილი – რუსეთში. თბილისში გვყავს ნათესავები, მაგრამ  მატერიალურად უჭირთ და არ მინდა მათი შეწუხება. ისე, გვაკითხავენ და ყურადღებას გვაქცევენ. მე და სვეტლანას არასდროს გვყოლია საკუთარი ოჯახი. 
–პროფესიით ვინ ბრძანდებით? 
ოლგა: მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და 50 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ინჟინერ–კონსტრუქტორად „შრომის დაცვის“ კვლევით ინსტიტუტში. საინტერესო ცხოვრება განვლე, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე კარიერაში, კარგად ვიცი რამდენიმე ენა, თუმცა პირველად ქართულად დავიწყე წერა. 
     – ეს ბინა, სადაც ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?
    ოლგა: ამ სახლს დიდი ისტორია აქვს. იგი 1889 წელს ააშენა ჩემმა ბებიამ, რომელიც იყო მწერალ ოვანეს თუმანიანის ღვიძლი და. გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ოჯახს მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვეს. საბოლოოდ, ეს ორი პატარა ოთახიღა შემოგვრჩა. სახლი ცუდ მდგომარეობაშია, სასწრაფო რემონტია საჭირო, მაგრამ სად არის ამის საშუალება...   
     –მარტო როგორ უმკლავდებით მძიმე ავადმყოფის მოვლას?
   ოლგა: რა ვქნა აბა? ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად. ვერ მივატოვებ ჩემს დას, იგი უჩემოდ ვერ გაძლებს. 
     –როგორია თქვენი შემოსავალი?
    ოლგა: პენსია და სოციალური შემწეობა. ფული ძირითადად წამლებზე გვეხარჯება, პამპერსების საყიდელი თანხა კი არ მრჩება. 
    –ვინ გეხმარებათ?
   ოლგა: ჩერნოვეცკის ფონდი გვეხმარება. მოდიან ექიმი და ექთანი, გვივლიან, სამედიცინო პროცედურებს ატარებენ, სახლსაც გვილაგებენ. უღრმესი მადლობა ამისთვის. მეზობელი მეუბნება - დარეკე მერიაში და თხოვე რემონტის გაკეთებაში დაგეხმარონო, მაგრამ ისე ცუდად ვარ, რომ ესეც არ შემიძლია. უზომოდ მადლიერი ვიქნები თუკი ვინმე დახმარების ხელს გამომიწოდებს! მე მჯერა, რომ ჩვენს ირგვლივ კეთილი ადამიანები მრავლად არიან. 
     -შეიძლება შეგეკითხოთ თქვენი აუხდენელი ოცნების შესახებ? 
     ოლგა: ვოცნებობდი ოჯახის შექმნაზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, მაგრამ ბედმა ეს არ მარგუნა. ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ როგორმე შემეძლოს ჩემს დას მოვუარო. იგი უჩემოდ ვერ იცოცხლებს.
    -ასე ცუდად არის საქმე? 
     ოლგა:  იცით, მე რეალურად ვუყურებ ყველაფერს, თუმცა ღმერთს ვთხოვ, რომ არ წამართვას ძალა... საღამოობით, ჩამოვჯდები ჩემი დის საწოლზე, მივადებ თავს და ვმღერი; მერე ცრემლები წამომივა, გავიხსენებ გარდასულ წლებს, თუმცა დარდში არ ვვარდები. ყოველი დღისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი! 
       მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონებს! ისინი  საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მათ თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროებათ. 
      თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოლგა და სვეტლანა ავეტისოვები). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
      თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
      „და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).