ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ზურა, შვილო, მოგვეხმარე...!

გაგუების ბინა საავადმყოფოს პალატას ჰგავს: ორი პარალიზებული მოხუცი საწოლს არის მიჯაჭვული, ოთახში წამლების სუნი დგას, ირგვლივ ბამბა და ბინტია მიმოფანტული,
2,700.24 ₾
167
დონორები
შეგროვებულია

     ამ გაყვითლებულ ფოტოზე, რომელიც 1961 წელს არის გადაღებული, ულამაზესი წყვილია გამოსახული. მაშინ ეს ადამიანები ბედნიერები იყვნენ, მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ... 
     სამწუხაროდ, დღეს მათი მდგომარეობა სავალალოა - ისინი საწოლს არიან მიჯაჭვულნი. მამა ვერ საუბრობს და „გასულია“ ამ სამყაროდან, ხოლო დედა გამუდმებით კვნესის და ერთადერთ შვილს - ზურაბს, უხმობს დახმარებისთვის! 
       ზურაბ გაგუა თავად ავადმყოფი კაცია. მას გადატანილი აქვს ინფარქტი და სანერწყვე ჯირკვალზე რამდენიმე ოპერაცია. მისი ჯანმრთელობა ძალიან შერყეულია, უჭირს გადაადგილება, აწუხებს ტკივილები გულის არეში, მაგრამ რა ჰქნას, ხანდაზმულ მშობლებს ხომ მიხედვა სჭირდება?!   
       გაგუების ბინა საავადმყოფოს პალატას ჰგავს: ორი პარალიზებული მოხუცი საწოლს არის მიჯაჭვული, ოთახში წამლების სუნი დგას, ირგვლივ ბამბა და ბინტია მიმოფანტული, ისმის ქალის კვნესა... 
      „10 წლის წინ მამაჩემმა ტოლა გაგუამ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ორი წლის შემდეგ ინსულტი განმეორდა და საბოლოოდ მიაჯაჭვა საწოლს. ახლა იგი 84 წლისაა, ვერ საუბრობს, ყურს არ ესმის საერთოდ, არ გამოდის „კონტაქტზე“, - ამბობს ზურაბი. 
      9 წელი ზურაბს მამის მოვლაში დედა ეხმარებოდა - გოგოლა გაგუა, რომელიც ამჟამად 86 წლისაა. შარშან იგი უეცრად ცუდად გახდა, დაკარგა გრძნობა და თავის ტვინის ინსულტი გადაიტანა. მისი მდგომარეობა დღეს უმძიმესია - ვერ გადაადგილდება, უჭირს საუბარი, ხელ-ფეხი წართმეული აქვს. 
       მეგობრებო, ამ ოჯახს ძალიან უჭირს, ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მშობლების პენსია არის ერთადერთი „შემოსავალი“, რაც მხოლოდ წამლების ნაწილს თუ ფარავს. 
       ჩნდება კითხვა - რატომ არ აქვთ ამ ადამიანებს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი? საქმე ის არის, რომ აქვთ, მაგრამ სოციალური მომსახურების  სააგენტო უარს აცხადებს ფულადი თანხის გაცემაზე. 
    „რამდენჯერმე იყვნენ მოსულნი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რაღაცას ამოწმებდნენ და ზომავდნენ... დაინახეს მაცივარი, გაზქურა,  ავეჯი და „გაუხარდათ“. ღმერთო ჩემო! ეს ხომ ყველაფერი 70-იან წლებშია გამოშვებული და უვარგისია მოხმარებისთვის. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი ახალგაზრდობაში შეიძინეს, როდესაც მუშაობდნენ და არც თუ ისე ცუდად ვცხოვრობდით“, - გვიყვება ზურაბ გაგუა. 
      ტოლა და გოგოლა 1961 წელს დაქორწინდნენ. მამა საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, დედა - მასწავლებელი გახლდათ საჯარო სკოლაში. სახელმწიფომ მათ ჯერ ერთოთახიანი ბინა, მოგვიანებით კი სამოთახიანი ბინა გადასცა მოსკოვის პროსპექტზე. ზურაბმა დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მუშაობდა. მოკლედ, გაგუების ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად არის შეცვლილი. 
      „მე ვალდებული ვარ, რომ მოვუარო ჩემს მშობლებს, - ამბობს ზურაბი. მაწუხებს გულის ტკივილები, მაგრამ ვითმენ. რა ვქნა აბა? ჩავაცმევ მამაჩემს, ჩავსვამ სავარძელში, ის კი ერთ წერტილს მიაჩერდება და ხმას ვერ იღებს. დედაჩემს კრუნჩხვები დღეში რამდენჯერმე ემართება, კანკალებს, გამუდმებით მეძახის. წავალ სამზარეულოში საჭმელად, 5 წუთიც კი არ გაივლის, რომ არ დამიძახოს: „ზურა, შვილო, ცუდად ვარ და მომეხმარე...“. 
     -ზურაბ, ვინმე გეხმარებათ?
     ზურაბ გაგუა: მეზობლები მეხმარებიან, ზოგი ლარს მომცემს, ზოგი - 5 ლარს, ზოგი - საჭმელს შემოგვიტანს. ჩერნოვეცკის ფონდის ექთანი გვაკითხავს ხშირად, მოაქვს პამპერსი, მშობლების დაბანაში მეხმარება. 
     -სახლს თქვენ ალაგებთ? 
     ზურაბ გაგუა: დიახ, აბა ვინ დაალაგებს. სარეცხსაც მე ვრეცხავ. გუშინ, მაგალითად, ეზოში ვკიდებდი სარეცხს და გულის ტკივილი დამეწყო, ჩავიკეცე და ღმერთს ვევედრებოდი: „ღმერთო, მიშველე, არ წამიყვანო იმ ქვეყნად სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები არიან...“. 
     -მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?
     ზურაბ გაგუა: მთელი ჩვენი ოჯახი მორწმუნეა. „პატივი ეცი და გიყვარდეს შენი მშობლები, იზრუნე მათზე სიბერეში...“, ხომ  გახსოვთ ეს სიტყვები სახარებიდან? სწორედ ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. 
    -რაზე ოცნებობთ? 
     - პირველ რიგში, ვოცნებობ გამოჯანმრთელებაზე. ვაფასებ ცხოვრების თითოეულ წამს. რა თქმა უნდა, ძალიან გვიჭირს, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების იმედს არ ვკარგავ. 
     მეგობრებო, აი კიდევ ერთი ისტორია, რომელიც შეუძლებელია, რომ გულთან ახლოს არ მიიტანო. მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ გაგუების ოჯახს, დავეხმაროთ რით შეგვიძლია, შევუწყოთ ხელი ზურაბს ხანდაზმული მშობლების მოვლის საქმეში. ყველაზე მეტად ახლა ისინი საჭიროებენ ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, გაზქურას...
      თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ადამიანები და ადგილზე გაუწიოთ დახმარება. ვთქვათ, აჩუქოთ თუნდაც ნახმარი, მაგრამ გამართულ მდგომარეობაში მყოფი სარეცხი მანქანა ან მაცივარი. ისინი ბედნიერნი იქნებიან თქვენი ყურადღებით.  აი, მისამართი: თბილისი, მოსკოვის გამზირი 33/2, ბინა 10, ტელ.: 592492255. 
          ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაგუების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც. 
         თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        თუ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით, შევძლებთ სიკეთის კეთებას,  სიკეთე უკიდეგანო და უსასრულო გახდება!

თეგები:
#მოხუცები

მსგავსი პროექტები: