პროექტის რეპორტი ბე, ასე მწარედ ნუ ტირი, მე გიშველი! აი, ასე! მაგრად ჩაგეხუტები და მუდამ იცოცხლებ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბე, ასე მწარედ ნუ ტირი, მე გიშველი! აი, ასე! მაგრად ჩაგეხუტები და მუდამ იცოცხლებ!

page info icon
2021 დეკემბერი 6
მათ საკუთარი სახლის ეშინიათ; ეშინიათ, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შემდეგ ვეღარ შეაკეთეს, თავზე ჩამოექცევათ... და თუ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩნენ, საკუთარ ჭერქვეშ აუცილებლად დაიღუპებიან. „ალბათ ბევრი დაისვენებს“, - ყოველგვარი ირონიის გარეშე ამბობს გულნაზი. ის მართლა ასე ფიქრობს და იმასაც ფიქრობს, რომ მათი ოჯახი ზედმეტია, რადგან მათზე არავინ დარდობს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,065 ₾
( 204 დონორი )
დასრულებულია
Ჩვენ ფერფლიდან აღვსდექით, ისევ ცოცხლები ვართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         ნამდვილი სასწაულია, როდესაც დახმარებას ითხოვ და გწამს, რომ ღმერთი დაგეხმარება სრულიად უცხო ადამიანების მეშვეობით. მარტაშვილების ოჯახს ვერც კი წარმოედგინა, რომ ასობით ადამიანი ამოუდგებოდა მხარში.
ერთ დროს, მარტაშვილების ოჯახი ცხოვრობდა საკუთარ, ლამაზ სახლში, და და-ძმას არ უწევდა ერთი ცალი კანფეტის გაყოფა. თავადაც კარგად ცხოვრობდნენ და სხვებსაც ეხმარებოდნენ.
https://chernovetskyifund.ge/ru/projects/finished/807-martashvili/
- გულნაზ, ჩვენი პირველი სტუმრობის დროს, ცხოვრებაზე ხელი უკვე ჩაქნეული გქონდათ. ჩვენ  შეგპირდით, რომ თქვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანდა  უამრავი ადამიანი, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდით, ხომ ასეა?
          გულნაზი: გეფიცებით, ყველანაირი იმედი მქონდა გადაწურული, რომ ვინმე დაეხმარებოდა ჩვენს ოჯახს. ბიძაჩემმა სახლი დაგვიწვა, მთავრობამ ზურგი გვაქცია, 4 800 ლარში მოაქციეს, 100 000 ლარად შეფასებული ზარალი.
მხარში მხოლოდ თქვენ დაგვიდექით, მხოლოდ თქვენგან ვიგრძენი, რომ მართლაც გულთან ახლოს მიგაქვთ ჩემი ტკივილი. ვცდილობთ, ცხოვრება ახლიდან დავიწყოთ. თქვენი დახმარებით, უკვე გვაქვს აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, თავსაც უფრო კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობთ. თითქოს, ივსება სიცარიელე და ჩნდება სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალო ხვალინდელი დღე.
„ჯერ მე ავირჩევ რას ვუყუროთ, მერე შე-ე-ენ...“
- ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ?  ვინ დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
გულნაზი: ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ადამიანი, რომელმაც ბავშვებისთვის მატრასი და გადასაფარებელი მომიტანა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, პირადად თუ მოვიდოდა ვინმე, ჩვენს ჩამონგრეულ და დაფერფლილ კედლებში. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენს სახლში, თუ შეიძება „სახლი“ ერქვას, სტუმარი მოვიდა. ზოგადად, მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული დახმარებისთვის, თქვენ რომ არა, ხელი მექნებოდა ყველაფერზე ჩაქნეული. თქვენ, ჩვენს ოჯახს მიეცით ძალა და ხვალინდელი დღის იმედი. ღმერთი გაგახარებთ!
„დედიკო, მეც ხომ ჩამართვევინებ ხოლმე?“
- ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა რამე რეაქცია პოსტზე?
გულნაზი: მათი მხრიდან, არავითარი რეაქცია არ ყოფილა, არც პოსტის გამოქვეყნებამდე, და არც შემდეგ. მანამდეც მივმართეთ, და იცით მათი პასუხი: „4 800 ლარად ხელახლა ააშენეთ დამწვარი სახლი, ავეჯიც ამით იყიდეთ და ცხოვრებაც, ამ ფულით დაიწყეთო თავიდან“. ეს ხომ დაცინვაა. როდის მოვესწრები იმას, რომ მთავრობა გაჭირვებული ადამიანებისთვის მართლა არ დაიზოგავს თავს და რაც საჭიროა, იმას გააკეთებს.
- რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
გულნაზი: ე-ეჰ, ჩემო კარგო... თურმე, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი მაშინ დგება, როდესაც მარტო რჩები. მაშინ ახარისხებ და აფასებ ყველაფერს შენს ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში, გარდა ჩემი ოჯახისა და ერთი-ორი ადამიანისა,  არავის გამოუჩენია მსგავსი თანადგომა, როგორიც თქვენი ფონდის სამეგობრომ გამოიჩინა ჩემი ტკივილის და სიმარტოვის დროს. ხომ გახსოვთ, დამწვარი და ნახევრად ჩამონგრეული, სულ ცარიელი სახლი? ვერც ვიჯერებდი, რომ ჩემი ცხოვრება გაგრძელდებოდა... საიდან, როგორ, რანაირად?.. სულ ეს კითხვები მჭამდა... თქვენმა ფონდმა ბიძგი მომცა, რომ საიდანღაც დამეწყო ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა... თურმე, იმედით იწყება ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა... თქვენ იყავით პირველი იმედის ნაპერწკალი, რომ დამეხმარებოდით, და ასეც მოხდა.. ჩემი იმედები გამართლდა. არსებობა სწორედ თქვენი დახმარებით დავიწყეთ. როდესაც მოგვიტანეთ მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და ელექტრო ღუმელი, მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ ცხოვრება გრძელდება და არ უნდა დავნებდე... ამ დღის მერე, როგორც შემიძლია, ვიბრძვი... ვიბრძვი ყოველდღიურად, რომ არ დავეცე და წინ ვიარო... ეს დახმარება, ჩემთვის ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს.. „მადლობა“ ძალიან ცოტაა რაც შემიძლია, რომ გითხრათ... დანარჩენს, ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის, თითოეულ მონაწილეს უფალი დაგლოცავთ.
„დედა, დედიკო, ნამცხვარი გამოგვიცხე...“
- ბავშვებო, თქვენ რას მეტყვით? რა გაგიხარდათ ყველაზე ძალიან საჩუქრებიდან? 
იროდი (11 წლის) მე და ნინის ყველაზე ძალიან „დუხოვკა“  გაგვიხარდა, დედა პურს გვიცხობს ხოლმე, და მუცელი აღარ ბუყბუყებს... კიდე-ე-ე-ვ, ერთხელ ვაშლის ღვეზელიც გამოგვიცხო და ეგ დღე ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი... ტკბილეული ძალიან გვიყვარს მე და ჩემს დას, მაგრამ რახან ფული არ გვაქვს რომ ვიყიდოთ, დედამ გაგვახარა და ტკბილი ღვეზელი გაგვიკეთა. გვიზოგავდა, რომ მალე არ დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ მოვითმინეთ და როგორც კი დაღამდა, მივეპარეთ და სულ შევსანსლეთ...
- ნინი, შენ რა მოგეწონა საჩუქრებიდან? 
ნინი (5 წლის): მე ტელევიზორი და „ბასტი-ბუბუს“ ყურება. დედიკო ჩამირთავს ხოლმე და სულ ვცეკვავ. შენ გააქვს პრინცესას კაბა?
- პატარა რომ ვიყავი მქონდა, მაგრამ ახლა აღარ მაქვს. გინდა, შენც გქონდეს ფერადი, ბრჭყვიალა კაბები ნინი?
ნინი: კი-ი-ი-ი... ძალიან მინდა... რომ გავიზრდები სკოლაშიც ჩავიცვამ, ყველას რომ შევუყვარდე, არ მინდა ჩემი ძმასავით დახეული ტანსაცმლით ვიარო სკოლაში...
- დარწმუნებული ვარ, კეთილი ადამიანები  ამას რომ წაიკითხავენ, ვინმე აუცილებლად აგისრულებს ამ სურვილს, მანამდე კი, ბევრი იცეკვე და მოემზადე.
ნინი:  კარგი, ამაშიც დაგიჯერებ. მაშინ რომ მითხარი, რაღაცეებს მოგიტანთო, ბევრსო და გემრიელსო, ხომ არ გიჯერებდი და ნახე, რამდენი ნამცხვრები მოგვიტანეს!
- გულნაზ, ვიცი, თქვენი პირობებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პრობლემები ამით არ სრულდება. რა გჭირდებათ ამ ეტაპზე, უკეთესად რომ იგრძნოთ თავი?
გულნაზი: ე-ე-ეჰ, ჩემო საყვარელო, მართალი ხარ. ცხოვრება გრძელდება და რამენაირად უნდა ავყვეთ მის ტემპს. არანაირი სახსრები არ გამაჩნია, რომ წინ წავიდე. მთელი სოციალური დახმარება და შემოსავალი ბანკის ვალებში მიდის, მანქანაც კი გავყიდეთ, ერთი ოთახი მაინც რომ გაგველესა. სახლი საშინელ მდგომარეობაშია, ზამთრის მოსვლის ძალიან გვეშინია, ვდარდობთ ყოველდღე და არ ვიცით, გამოსავლის ძებნა საიდან დავიწყოთ... ბავშვები რომ გამოვკვებო, ამასაც კი წვალებ-წვალებით ვახერხებთ. მალე სკოლა დაიწყება და არაფერი არ გვაქვს, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, ელემენტარული რვეულები და კალმებიც კი არ გვაქვს. აი, არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩამოთვლა... ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ოჯახისთვის ის არის, რომ ჭერი გვქონდეს ნორმალური, არ გვაწვიმდეს და არ გვათოვდეს ზამთარში. სახლის მინიმალური რემონტისთვის გვჭირდება სარემონტო მასალები, გაჯი, ცემენტი, გიფსოკარდონი. თუ, აი, ამ მასალებში შეგვეშველებით და სახლის აღდგენაში, ჩემი შვილების და ოჯახის სახით, ყველაზე მადლიერი ადამიანები გეყოლებათ ... 
ამდენი ტკბილეული, ბავშვებს თვალით არ უნახავთ
* * *
კეთილო ადამიანებო, მალე აცივდება და ზამთარი დადგება. ამ ოჯახს, თავზე არც ნორმალური სახურავი აქვს, და არც საცხოვრებელი პირობები. გათბობაზე ხომ, საუბარიც ზედმეტია. ბავშვებს ტკბილეული ენატრებათ და ტანსაცმელი არ აქვთ, რის გამოც, უფროსი ბიჭი სკოლაში ვერ მიდის. მათ ისევ თქვენი დახმარების იმედი აქვთ.  ეს კეთილი საქმე უკვე დაწყებულია... ერთი ოჯახით მეტს დავეხმაროთ, მაგრამ იმედიაб შუა გზაში არ მივატოვებთ და იმედის ნაპერწკალს არ ჩავუქრობთ, არამედ გავაღვივებთ და კიდევ ორ ნამდვილ ქართველ ბავშვს გავაზრდევინებთ მშობლებს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მარტაშვილების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: