ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.
მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!