ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.
თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.
ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!
ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.