ლადო ორი წლის იყო, როდესაც პირველად დაიძახა „დედა!“ ოცდასამი წელია, ნინო ამ სიტყვის გაგონებას ისევ ელოდება, მაგრამ ლადოს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება…
„ლადო, კიდევ ერთხელ დამიძახე „დედა“, ჩემო შვილო, ჩემო ვაჟკაცო! მე ხომ ამაზე დღედაღამ ვლოცულობ?!“ – ეუბნება ნინო ხელში აყვანილ ოცდახუთი წლის ვაჟს და თან, როგორც თოთო ბავშვს ისე ეფერება – „უფალს ვევედრები, მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამომჯობინდეს, რომ ცოტა მოძრაობა, სიტყვების წარმოთქმა შეძლოს, მაგრამ… უკან მივექანებით. ჩვენი სახსრებით და შესაძლებლობებით, რას გავხდებით იმ ვერაგ დაავადებასთან, რომელსაც ცერებრული დამბლა ჰქვია.“