16 წლის ბექას, დამოუკიდებლად არასდროს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ იცის, როგორია ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში… ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია. ადრე, უფრო ხშირად ოცნებობდა, დედას სთხოვდა კიდეც, ფანჯარასთან დაესვა, ბავშვებისთვის რომ ეყურებინა, რომლებიც გიჟებივით დასდევენ ბურთს. სჯეროდა, რომ მალე შეძლებდა ფეხზე დადგომას. დროთა განმავლობაში, ბექას სულ უფრო დიდ ტკივილს აყენებდა ბიჭების სირბილის ცქერა… ახლა კი, ეზოდან ბავშვების ყვირილის გაგონებაზეც კი, თვალები ცრემლით ევსება. უკვე იცის, რომ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს, მაგრამ, იქნებ შეძლოს, დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯი მაინც რომ გადადგას? ეს ხომ არ არის აუხდენელი ოცნება?