„იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“