თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.