რამაზ ლომიძე უკვე მეცხრე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. მისი სხეულის დიდი ნაწილი პარალიზებულია. კერძოდ, რამაზს ხერხემალი და კისრის მალები – გადატეხილი აქვს, კისერს პრაქტიკულად ვერ აბრუნებს, ზურგის ტვინი კი დაზიანებულია. ამ ახალგაზრდა კაცის სხეულის კუნთები იმდენად სუსტია, რომ იგი ვერ გრძნობს ფეხებს, ვერ შლის ხელის მტევნის თითებს, ხოლო ხანგრძლივი წოლისაგან გამოწვეული ჩირქიანი ნაწოლები, კიდევ უფრო აუტანელს ხდის მის არსებობას.
რამაზი დათრგუნულია საკუთარი უმწეობით, თუმცა ცდილობს სტუმარს არ მოახვიოს თავს თავისი გასაჭირი, მაგრამ გულის სიღრმეში მწარედ განიცდის მის ურთულეს მდგომარეობას და სულიერად იტანჯება, რომ არაფერი ვთქვათ გაუსაძლის ფიზიკურ ტკივილებზე. მისი კვნესა – ეს არის გულიდან ამოძახილი ვედრება, ხოლო თითოეული ამოსუნთქვა – სასოწარკვეთილი ძახილი დახმარების შესახებ!
2009 წელს სურამში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც ახლაგაზრდა ადამიანის ცხოვრება გაანადგურა. ერთ ავბედით დღეს, რამაზს მეგობარმა დახმარება სთხოვა – საქანელას რკინის კონსტრუქცია სატვირთო ავტომანქანით უნდა მიეტანათ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვებისთვის. როდესაც ავტომანქანა დაიძრა, რამაზი ბორტზე დარჩა და საქანელას ხელით აკავებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოუსწორებელი რამ მოხდა: რკინის მძიმე კონსტრუქცია გამოედო ტალავერს, თვალის დახამხამებაში ძირს დაენარცხა და თან მოიყოლა რამაზი.
„თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა, ჰაერი არ მყოფნიდა, შემდეგ გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს“, – იხსენებს რამაზ ლომიძე. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ერთი ოპერაციის შემდეგ მეორე ჩაუტარეს, შემდეგ მესამე, მეოთხე… თუმცა გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა იმდენად კატასტროფული იყო ვარდნის შედეგად გამოწვეული ტრავმა.
უფლის წყალობით რამაზი გადარჩა, გარკვეული დროის შემდეგ იგი კომიდანაც გამოვიდა, მაგრამ მან ფეხი სულ სხვა რეალობაში შეაბიჯა – დაიწყო ცხოვრება „გადაადგილების უფლების“ გარეშე.
„ერთი სიკვდილი უკვე გამოვიარე…გადავრჩი! არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა! უფალს შევთხოვ, რომ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ტკივილი, ცოტათი მაინც გამოვიდე ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს რამაზი და ვერ იკავებს ცრემლებს.
ლომიძეების ოჯახს დღეს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამაზის მეუღლეს არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ავადმყოფს რეაბილიტაციის და მასაჟის კურსი ჩაუტაროს, ძვირადღირებული პრეპარატები უყიდოს… მთელი ოჯახი ცხოვრობს ხანდაზმული დედ-მამის პენსიის და სოციალური დახმარების ხარჯზე, რაც მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით.
ყველაზე მეტად რამაზს ახლა თქვენი თანადგომა და მხარში ამოდგომა სჭირდება, რომ იგი სასოწარკვეთას არ მიეცეს და ამ ახალგაზრდა მამაკაცში საბოლოოდ არ ჩაქრეს ჯერ კიდევ არსებული პატარა იმედის ნაპერწკალი.
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ რამაზ ლომიძეს, პამპერსების, მედიკამენტების, თეთრეულისა და საკვები პროდუქტების შესაძენი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რამაზ ლომიძე).